მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელმა ანტუან გრიზმანმა "ტოტენჰემთან მოგებული (5:2) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ფრანგმა ფეხბურთელმა ანტონინ კინსკის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა მწვრთნელს ის არ უნდა შეეცვალა.
"მიუხედავად იმისა, რომ მეკარემ ასე ცუდად დაიწყო თამაში და შეცდომები დაუშვა, მაინც მგონია, რომ მწვრთნელი კინსკის არასწორად მოექცა და არ უნდა შეეცვალა. როდესაც მეკარეს ენდობი და ძირითადში აწყებინებ მატჩს, ბოლომდე უნდა მიიყვანო. ასეთ შემთხვევაში შეიძლება უფრო ცუდი გავლენა იქონიოს ამ ყველაფერმა მასზე. ეს საუკეთესო გამოსავალი არ იყო, თანაც მას ლიგაზე დებიუტი ჰქონდა", - განაცხადა გრიზმანმა.
შეგახსენებთ, რომ ოქტობრის შემდეგ პირველად ითამაშა 22 წლის ჩეხმა მეკარემ, რომელმაც საწყის 15 წუთში ორი უხეში შეცდომა დაუშვა, რაც გოლებით დასრულდა, ხოლო მე-17 წუთზე შეცვალეს და მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა. ტუდორმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ ფეხბურთელის დახმარება სურდა და ამიტომ შეცვალა კინსკი.





