თურქული გამოცემის T24-ის ჟურნალისტი მუსტაფა ერსოი „გალათასარაი“ – „ლივერპულის“ მატჩის შესახებ სტატიაში საინტერესო დეტალზე წერს.
როგორც ის იტყობინება, მატჩის ბოლო წუთებში ვირჯილ ვან დეიკმა გიორგი მამარდაშვილს უთხრა, რომ დრო გაეყვანა და ბურთის თამაშში შეყვანა არ ეჩქარა, მიუხედავად იმისა, რომ „ლივერპული“ მარცხდებოდა (0:1).
თურქულ კლუბს „ლივერპული“ დიდი ზეწოლის ქვეშ ჰყავდა, ცდილობდა, მეორე გოლიც გაეტანა, რაც საბოლოოდ არ გამოუვიდა და ინგლისში მხოლოდ ერთბურთიანი უპირატესობა ექნება, რაც მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მისცემს.
„თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე უნაკლო მცველის, ვირჯილ ვან დეიკის, 90-ე წუთზე მეკარისკენ მიმართვა და თხოვნა: „ნელა ითამაშე!“ არა მხოლოდ დროის გაყვანის ტაქტიკა, არამედ „გალათასარაის“ უზარმაზარი ზეწოლის წინაშე აწეული თეთრი დროშა იყო. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული დაცვის ხაზი იმდენად დაზარალდა „ალი სამი იენის“ სტადიონზე, რომ „ლივერპულის“ გიგანტმა კაპიტანმა, არა ანგარიშის გათანაბრება, არამედ ერთბურთიანი მარცხი ამჯობინა ამ ჯოჯოხეთურ სიტუაციაში. ეს ზუსტად 2026 წელს „გალათასარაის“ „აბსოლუტური დომინირების“ ევროპულ დნმ-ს ასახავს.
„უფრო ნელა ითამაშე“ შეძახილი - არსებითად დანებებას ნიშნავდა. სანამ „გალათასარაი“ სასოწარკვეთილად ცდილობდა მეორე გოლის გატანას, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი ცდილობდა, მატჩი ამ ანგარიშით მაინც დასრულებულიყო, რათა „ენფილდ როუდზე“ სიტუაციის შეცვლის უკეთესი შანსი ჰქონოდათ“, - წერს სტატიაში ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ „გალათასარაიმ“ „ლივერპულს“ მიმდინარე სეზონში ორივე თამაში მოუგო, ჯერ ფაზის ეტაპზე და ახლა მერვედფინალში. ორჯერვე 1:0 და ორივე შემთხვევაში მატჩი სტამბოლში გაიმართა. ახლა კი, თურქეთის ჩემპიონს 18 მარტს, „ენფილდ როუდზე“ თამაში მოუწევს.







