საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ მოქმედი ჩემპიონი „იბერია“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
შეხვედრა ძალიან მოსაწყენი გამოდგა, ნამდვილად შეეფერებოდა ჩემპიონატის ფავორიტების დაპირისპირებას - ხარისხიც ძალიან დაბალი იყო. „ტორპედოს“ გაუჭირდა, მაგრამ „იბერია“ მოედანზე 9 კაცით დარჩა: 86-ე წუთზე არმელ ზოური გააგდეს, ოთხ წუთში ამირან ძაგანია.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე კი, მატეო ითრაქის ჩაწოდების შემდეგ ცოტნე ნადარაიამ თავური დარტყმით გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.
„ტორპედოს“ სამ ტურში 3 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს „დილასთან“ გამართავს, ხოლო „იბერიას“ აქტივში ორ თამაშში 3 ქულა აქვს და „დინამო თბილისს“ შეხვდება.
ჩემპიონატის დებიუტანტმა „სპაერმა“ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ანზორ კიღურაძის გუნდმა სტუმრად „გაგრა“ 3:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში თამაზ ცეცხლაძემ და გოჩა ცირდავამ გაიტანეს, ხოლო მატჩს მიწურულს სიენდა მატენჯვამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„სპაერი“ 6 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში „სამგურალს“ შეხვდება, ხოლო „გაგრა“ 1 ქულით მეცხრეა და „რუსთავს“ დაუპირისპირდება.
„გაგრა“ – „სპაერი“ 0:3 (0:2)
გოლები: 0:1 ცეცხლაძე (14), 0:2 ცირდავა (32), 0:3 მატენჯვა (90)
„ტორპედო“ – „იბერია“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ნადარაია (90)





