ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი „პარი სენ-ჟერმენმა“ „ჩელსისთან“ მოიგო, რაშიც ხვიჩა კვარაცხელიას უდიდესი წვლილია - ორი გოლით და საგოლე პასით.
ეს, იმის მიუხედავად, რომ ხვიჩა ლუის ენრიკემ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა, მაგრამ როცა ის დასჭირდა, თამაშში შეუშვა და ქართველმაც „ჩელსის“ დამარცხებაში საკვანძო როლი ითამაშა.
პსჟ-მ თამაში ძალიან კარგად დაიწყო და სწრაფად დაწინაურდა: მე-10 წუთზე ჟოაო ნევეშის პასით ბრედლი ბარკოლამ გახსნა ანგარიში. ამის შემდეგ ლონდონელები სჯობდნენ მეტოქეს და მალო გუსტომ წონასწორობა აღადგინა. ლუის ენრიკეს გუნდმა ტაიმი მაინც მოიგო, რადგან მე-40 წუთზე პარიზელთა შესანიშნავი კონტრშეტევა გოლით უსმან დემბელემ დაასრულა. მეორე ტაიმში პსჟ ისევ ვერ უტევდა კარგად, „ჩელსიმ“ კი წონასწორობა მეორედ აღადგინა: ამჯერად გოლი ენცო ფერნანდესმა გაიტანა.
ხვიჩა კვარაცხელია ლუის ენრიკემ სწორედ ამის შემდეგ ჩართო თამაშში - 62-ე წუთზე დეზირე დუეს ნაცვლად. და, მატჩის გმირიც ქართველი ფეხბურთელი გახდა. 74-ე წუთზე „ჩელსის“ მეკარე ფილიპ იორგენსენი შეცდა, რომელსაც პასი ბარკოლამ ჩაუჭრა, ბურთი კვარაცხელიასთან აღმოჩნდა, რომელსაც შეეძლო თითქმის დაუცველ კარში დარტყმა, მაგრამ ვიტინიას გაუკეთა პასი, რომელმაც დანიელ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და 3:2.

86-ე წუთზე კვარამ თვითონაც გაიტანა: ჩვეულ სტილში, მისი საყვარელი პოზიციიდან, როცა მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და საჯარიმოს მისადგომებით მეკარეს შორეულ კუთხეში უძლიერესი დარტყმით ულამაზესი გოლი გაუტანა - 4:2. კომპენსირებულ დროში ქართველმა ვარსკვლავმა დუბლიც შეასრულა. აშრაფ ჰაკიმის პასის შემდეგ ერთი შეხებით დაარტყა და 5:2! ნახევარ საათში 2 გოლი და საგოლე პასი - კვარამ დაამტკიცა, რომ პსჟ-სთვის ის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. მან ჩემპიონთა ლიგის მატჩში დუბლი კარიერაში პირველად შეასრულა. უეფამ ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 35 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 7-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი 10 შეხვედრაში 6 გოლით და 4 საგოლე პასით გამოირჩა.

პსჟ-მ 5:2 მოიგო და საპასუხო შეხვედრის წინ, რომელიც ლონდონში 17 მარტს გაიმართება, დიდი უპირატესობა შეიქმნა - მეოთხედფინალთან ძალიან ახლოსაა.
„პარი სენ-ჟერმენი“ – „ჩელსი“ 5:2 (2:1)
გოლები: 1:0 ბარკოლა (10), 1:1 გუსტო (28), 2:1 დემბელე (40), 2:2 ფერნანდესი (57), 3:2 ვიტინია (74), 4:2 კვარაცხელია (86), 5:2 კვარაცხელია (90)







