„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ჩელსისთან“ დუბლისა და ორი საგოლე პასის შემდეგ ისაუბრა.
ქართველი შეცვლაზე შევიდა, როცა ანგარიში 2:2 იყო და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა - 5:2.
„ძალიან მიხარია, რომ გუნდს დავეხმარე, მაგრამ უფრო მიხარია, რომ „ჩელსისთან“ მოვიგეთ, რადგან ეს ძალიან ძლიერი გუნდია. ამბობენ, რომ დაღლილები ვართ? არ ვეთანხმები, იმიტომ, რომ ჩვენ პსჟ ვართ. დღეს ვაჩვენეთ, რომ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. უნდა გავაანალიზოთ დაშვებული შეცდომები და საპასუხო მატჩისთვის მოვემზადოთ.
შესანიშნავი თამაში იყო, ბოლომდე ვეცადეთ გვეთამაშა და შესანიშნავი სამუშაო გავწიეთ. მნიშვნელოვანია „ჩელსის“ სამი გოლით დამარცხება, რადგან საპასუხო თამაში გველის. ახლა კონცენტრირებულები ვართ, არაფერი დასრულებულა და ასე უნდა გავაგრძელოთ. დღეს საღამოს ბედნიერები ვართ, მაგრამ ხვალიდან შემდეგ თამაშზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.
ვფიქრობ, რომ ერთად შესანიშნავი სამუშაო გავწიეთ. 3:2 და 4:2-ზეც კი გვინდოდა მეტი გოლის გატანა. დაცვიდან შეტევაში გადავედით და პირადად ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდის დახმარება შევძელი. ახლა ასე უნდა გავაგრძელოთ. ძალიან ბედნიერი ვარ. ბევრი უნდა ვიშრომო, რადგან წინ ბევრი თამაშია და ამაზე ვიქნებით კონცენტრირებულები.
ვიცით, რომ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. უბრალოდ, შემდეგი თამაშისთვის კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, 100%-ით მოვემზადოთ და იქაც გამარჯვება ვცადოთ. ვნახოთ, რა მოხდება.
ძალიან მიხარია, რომ დღეს ასეთი წარმოუდგენელი თამაში ვაჩვენეთ. სასიამოვნოა ასეთი საოცარი გულშემატკივრებისთვის გოლის გატანა, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ. სათადარიგოთა სკამიდან შესვლა ყოველთვის ცოტა რთულია, მაგრამ ვცდილობ, ჩემი საქმე შევასრულო და ვფიქრობ, დღეს ძალიან კარგად ვითამაშე. თუმცა, ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, ამიტომ შემდეგ მატჩზე ვარ კონცენტრირებული“, - თქვა კვარაცხელიამ.
ქართველი უეფას დამკვირვებელთა ჯგუფმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და უეფას საიტზე წერია: „ის თამაშში 2:2-ზე შევიდა დამანგრეველი განსხვავება შექმნა“.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 35 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 7-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი 10 შეხვედრაში 6 გოლით და 4 საგოლე პასით გამოირჩა.
„ჩელსი“ – „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 17 მარტს, ლონდონში გაიმართება.







