„პარი სენ-ჟერმენმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „ჩელსისთან“ მარცხისთვის (0:3) რევანში აიღო და ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში 5:2 დაამარცხა.
ამაში უდიდესი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. არადა, კვარა შეცვლაზე, 62-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, როცა ანგარიში 2:2 იყო.
თუმცა, ლუის ენრიკე არ ნანობს ქართველის სათადარიგო სკამზე დატოვებას, პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თამაში თავიდან რომ იწყებოდეს, იგივე არჩევანს გააკეთებდა:
„მოწინააღმდეგეზე სამი გოლით მეტი გავიტანეთ. ჩემთვის ეს არის მთავარი. ვნანობ თუ არა, რომ კვარაცხელია ძირითადში არ დავაყენე? არა. ვეძებთ საუკეთესო გადაწყვეტილებებს ფეხბურთელებისთვის. თუ მატჩი ახლა დაიწყებოდა, იგივეს გავაკეთებდი.
ფეხბურთელებთან არაფერი განსაკუთრებული არ მისაუბრია. მწვრთნელები ცდილობენ გუნდების დაბალანსებას. მატჩისთვის ჩვეულებისამებრ მოვემზადეთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვგრძნობდით გულშემატკივრების მხარდაჭერას, რომლებსაც ამ გამარჯვებას ვუძღვნით.
დემბელე? ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ, მათ უნდა მივცეთ წუთების კონკრეტული რაოდენობა, რათა გააგრძელონ გაუმჯობესება. უსმანმა ძალიან კარგად ითამაშა. ეს ძალიან კარგი ამბავია. ველით, რომ ის ლონდონში ძალიან მნიშვნელოვანი მატჩისთვის მზად იქნება.
განსაკუთრებული მომენტია. შეუძლებელია გასულ სეზონთან შედარება, მაგრამ ძალიან გამძლე გუნდი ვართ. ეს სიტყვა განსაზღვრავს ჩვენს გუნდს და ჩვენს გულშემატკივრებს.
ბარკოლა? ინდივიდუალურად საუბარი უსამართლოა. ვაჩვენეთ, რომ ნამდვილი გუნდი ვართ. ყველამ თავისი საქმე გააკეთა. ვაჩვენეთ, რომ ჩვენი დამარცხება ჯერ კიდევ ძალიან რთულია.
ერთი კვირა რომ გვაქვს, კარგია მატჩისთვის მოსამზადებლად და ფეხბურთელების ფორმაში დასაბრუნებლად. მოგვწონს, როდესაც მატჩებისთვის მოსამზადებლად დრო გვაქვს.
ჩვენს გარშემო ყოველთვის ხმაური ისმის, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი გუნდი და დიდი კლუბი ვართ. დიდ კლუბებში ამას უნდა შეეგუო“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 35 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 7-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი 10 შეხვედრაში 6 გოლით და 4 საგოლე პასით გამოირჩა.
„ჩელსი“ – „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 17 მარტს, ლონდონში გაიმართება.







