ფეხბურთი

10:20 | 12.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "არ აქვს მნიშვნელობა რამდენ წუთს ვითამაშებ, ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ჩელსისთან“ დუბლისა და საგოლე პასის შემდეგ CBS Sports Golazo-ს ეთერში ლეგენდარულ პეტერ შმეიხელთან ინტერვიუში ისაუბრა.

ქართველი „ჩელსისთან“ შეცვალზე შევიდა, როცა ანგარიში 2:2 იყო და მისი უდიდესი დამსახურებით პსჟ-მ 5:2 მოიგო, ხოლო ვეტერან დანიელ მეკარეს მან უთხრა:

„შეტევაში ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს, ამიტომ პატივს ვცემ იმას, რასაც მწვრთნელი გადაწყვეტს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს 10 წუთს ვითამაშებ თუ 90 წუთს - მინდა ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო და დღეს სწორედ ეს გავაკეთე. ვფიქრობ, ეს მხოლოდ ჩემი თამაში არ იყო, ეს მთელი გუნდის ძალიან კარგი თამაში იყო. წინ კიდევ ერთი თამაში გვაქვს და მნიშვნელოვანია, რომ კონცენტრაცია შევინარჩუნოთ, რადგან ჯერ ყველაფერი დასრულებული არ არის.

ჩემი აზრით, ყველაზე კარგი ის იყო, რომ მაშინაც კი, როცა ანგარიში 4:2 იყო, თამაშის ბოლო ნაწილში კიდევ გოლების გატანა გვინდოდა. ყველა ფეხბურთელმა შესანიშნავად იმუშავა და ძალიან კარგად ვითამაშეთ. ვფიქრობ, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და წინსვლა, და ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის.

დიახ, შარშანაც სეზონის დასაწყისი რთული იყო. იმედი მაქვს, წელსაც იგივე სცენარი იქნება. თუმცა, კონცენტრირებული ვიქნებით თამაშებზე და ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის“, - თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 35 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 7-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი 10 შეხვედრაში 6 გოლით და 4 საგოლე პასით გამოირჩა.

„ჩელსი“ – „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 17 მარტს, ლონდონში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096537