„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ მონტანიემ „გრენობლთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც ზურიკო დავითაშვილზეც ისაუბრა.
როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, დავითაშვილი შესანიშნავი ფეხბურთელის გარდა, დიდებული ადამიანიცაა:
„ზურიკოს თვის საუკეთესო მოთამაშედ მივეცი ხმა. ის ნიჭიერი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ყველაზე მეტად იმას ვაფასებ, რომ ის გუნდური მოთამაშეა. ის ბენ ოლდთან მუდმივად კონტაქტობს მოედანზე კავშირის გასაძლიერებლად. მაღალი ხარისხის ფეხბურთელია, მაგრამ ასევე შესანიშნავი ადამიანი. ყველა მწვრთნელს, ვისაც კი მასთან უმუშავია, იქნება ეს მისი ეროვნული ნაკრების მწვრთნელი თუ დავიდ გიონი, ვინც მასთან „ბორდოში“ მუშაობდა, ყველას ერთი და იგივე აზრი და შესანიშნავი მოგონებები აქვს ამ ბიჭთან დაკავშირებით. ვფიქრობ, მას კიდევ უფრო მეტი გოლის გატანა შეუძლია, შეუძლია უფრო ზუსტი იყოს. ზურიკოს დიდი პოტენციალი აქვს“, - აღნიშნა მონტანიემ.
შეგახსენებთ, ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი 11 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და ლიდერს, „ტრუას“ ფეხბურთელ ტაფიკ ბენტაიებს ორი გოლით ჩამორჩება.
„სენტ ეტიენმა“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო, 49 ქულით მეორე ადგილზეა და უახლოეს მდევარ „ლე მანს“ 5 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 14 მარტს, „გრენობლს“ ესტუმრება.





