„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა „გრენობლთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.
როგორც ქართველმა აღნიშნა, ზუსტი მიზანი არ აქვს გოლებთან დაკავშირებით, მაგრამ კარგი იქნება, თუ სეზონში 20-მდე გოლს გაიტანს:
„კი, ჩემი სტატისტიკა კარგია (იცინის). ეს ძირითადად გუნდს ქულების მოპოვებაში ეხმარება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მთლიანად გუნდს გვჭირდება წინსვლა. სეზონის ბოლოს მიზანი, უპირველეს ყოვლისა, გუნდისაა. რა თქმა უნდა, პირადად მე, მეტი გოლის გატანა მინდა. ეს კარგი იქნება, როგორც ჩემთვის, ასევე გუნდისთვის. თუმცა, სტატისტიკის თვალსაზრისით, კონკრეტული მიზანი არ მაქვს. ზუსტად არ ვიცი, კიდევ რამდენი გოლის გატანა შემიძლია. კონკრეტული რიცხვი არ დამიდგენია, მაგრამ 15-დან 20-მდე გოლის გატანა კარგი იქნებოდა, თანაგუნდელებისთვის საგოლე გადაცემების გაკეთების პარალელურად.
ბენ ოლდთან შეთამაშება? თავდაპირველად, მისი პოზიციის შეცვლის შემდეგ, ეს ცოტა რთული იყო. თუმცა, ბევრს ვსაუბრობდით, ძალიან ხშირად, განსაკუთრებით ვარჯიშის შემდეგ, რათა უკეთ გაგვეგო ერთმანეთის თავდაცვითი და შემტევი გეგმების მხრივ. ვხედავთ, რომ ეს გამოგვადგა და ასე უნდა გავაგრძელოთ.
როდესაც ახალი მწვრთნელი მოდის, მას ახალი ენერგიას შემოაქვს. ახლა ცოტა უფრო უსაფრთხო სისტემით ვთამაშობთ, სტაბილურობის განცდით და უფრო კომპაქტურად, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში. ენერგიას ცოტა მეტს ვზოგავთ, რაც საშუალებას გვაძლევს უკეთესად მივუდგეთ გარკვეულ გუნდებს, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ 35 000 გულშემატკივრის წინაშე მაქსიმალურად იხარჯებიან და უკეთ გამოვიყენოთ ჩვენი შეტევითი შესაძლებლობები.
ლიგა 1-ისგან განსხვავებით ლიგა 2-ში თამაში ცოტა უფრო რთულია. თითოეული მატჩი უფრო კომპაქტური და აგრესიულია. მწვრთნელი დიდ თავისუფლებას გვაძლევს: როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში, ის რეგულარულად გვაძლევს რამდენიმე კონცეფციას და თავისუფლები ვართ ავირჩიოთ ის, რაც ჩვენთვის ყველაზე შესაფერისად მიგვაჩნია. ის დიდ მოტივაციას გვაძლევს და დეტალებშიც ძალიან ღრმად ერკვევა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი 11 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და ლიდერს, „ტრუას“ ფეხბურთელ ტაფიკ ბენტაიებს ორი გოლით ჩამორჩება.
„სენტ ეტიენმა“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო, 49 ქულით მეორე ადგილზეა და უახლოეს მდევარ „ლე მანს“ 5 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 14 მარტს, „გრენობლს“ ესტუმრება.





