ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ „ჩელსისთან“ მატჩის (5:2) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა, რომელმაც პსჟ-ს მოგებაში წვლილი ორი გოლით და საგოლე პასით შეიტანა.
როგორც ანრიმ თქვა, კვარაცხელიამ ძირითადში ვერ მოხვედრისგან გამოწვეული ბრაზი თამაშში ჩადო და სწორედ ასეთი დამოკიდებულებაა საჭირო:
„ვიცით, რა ხარისხი აქვს მას. ბოლო პერიოდში მისთვის ყველაფერი კარგად არ მიდიოდა, მაგრამ გუნდმა სთხოვა თავისი საქმე გაეკეთებინა. თავიდან სათადარიგოთა სკამზე დარჩა და ეს არის სწორედ ის რეაქცია, რასაც მწვრთნელი ელოდება - მოედანზე შესვლა და განსხვავების შექმნა. მან სწორედ ეს გააკეთა.
როდესაც გყავს ისეთი მოთამაშე, როგორიც არის კვარაცხელია, რომელსაც შეუძლია სკამიდან შესვლა, როცა დემბელე, დუე, ბარკოლა თამაშობენ, პოზიციების შეცვლა და თამაშის გამწვავება, ძალიან მნიშვნელოვანია. თამაშის დასაწყისში ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თუ ისინი მაგრად ითამაშებდნენ, „ჩელსის“ პრობლემები შეექმნებოდა.
ერთადერთი პრობლემა პსჟ-სთვის ამ მომენტში სტაბილურობის ნაკლებობაა. მაგრამ რაც მე ძალიან მომწონს ამ გუნდში და ეს თავად კვარაცხელიამაც თქვა - არის ის, რომ შეგიძლია იყო გაბრაზებული, როცა სკამზე ხარ, ამის უფლება გაქვს. თუმცა მოედანზე გაბრაზებული არ უნდა გახვიდე იმ ფიქრით, რომ „მე უნდა დამეწყო თამაში“.
როცა ის მოედანზე შევიდა, ჩანდა, რომ გაბრაზებული იყო, მაგრამ ეს ბრაზი თამაშში ასახა - გაიტანა ორი გოლი და გააკეთა საგოლე პასი. სწორედ ასეთი დამოკიდებულებაა საჭირო“, - თქვა ანრიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 35 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 7-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი 10 შეხვედრაში 6 გოლით და 4 საგოლე პასით გამოირჩა.
„ჩელსი“ – „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 17 მარტს, ლონდონში გაიმართება.







