NBA-ში ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო "ორლანდო მეჯიქმა", გოგა ბითაძის გუნდმა საკუთარ მოედანზე "ვაშინგტონ ვიზარდს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 136:131 დაამარცხა.
შეხვედრის სტარტი "ორლანდოს" კარგი გამოუვიდა და პირველ მეოთხედში 10-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვა, თუმცა შემდეგ "ვაშინგტონმა" თამაში გამოასწორა. საბოლოოდ მატჩი ოვერტაიმამდე მივიდა, სადაც მასპინძლებმა 13:8 იმარჯვეს და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვეს. მასპინძელთა მხარეს საუკეთესო იყო ტრისტან და სილვა, რომელმაც მატჩი 26 ქულით, 7 მოხსნითა და 2 შედეგიან გადაცემით დაასრულა.
გოგა ბითაძემ დღევანდელ შეხვედრაში მხოლოდ 4:05 წუთი ითამაშა, რა დროშიც ქართველის მონაგარი მხოლოდ 2 მოხსნაა.
შეგახსენებთ, რომ "ორლანდო" 37 მოგებითა და 28 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო მატჩს 15 მარტს "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ გამართავს.







