საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს გამთენიას ესპანეთში გაემგზავრა, სადაც კვირას, 15 მარტს, მადრიდის „ონთაიმ ბუთარქი“-ზე 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას გამართავს.
ბორჯღალოსნებისა და პორტუგალიის სატიტულო შეხვედრა საქართველოს დროით 21:45 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი მე-18-ედ გახდება რაგბი ევროპის ჩემპიონი და ტიტულს ზედიზედ მეცხრედ შეინარჩუნებს, რითაც საკუთარ რეკორდს გააუმჯობესებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარდა რაგბი ევროპის ჩემპიონი 5-ჯერ რუმინეთი, ერთხელ კი, 2003/04 წლებში (იმ პერიოდში ჩემპიონი ორი წლის ჯამით ვლინდებოდა) პორტუგალია გამხდარა. ბოლოს ამ გუნდებმა 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშეს და მაშინ, პარიზში ბორჯღალოსნებმა 36:10 გაიმარჯვეს.
ურთიერთშეხვედრების სრული სტატისტიკა იხილეთ აქ:
ერთი კვირის წინ ნახევარფინალში რუმინეთთან 53:30 გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა. შეიცვალა ცენტრი და თამაშს გიორგი კვესელაძისა და გიორგი შველიძის დუეტი იწყებს. იმ თამაშის შემდეგ დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნეს ფულბეკმა ოთარ მეტრეველმა, ფრთებმა აკაკი ტაბუცაძემ და დავით ნინიაშვილმა. ღერძმა - ვასილ ლობჟანიძემ და თედო აბჟანდაძემ. ლობჟანიძესთვის ეს 104-ე სანაკრებო შეხვედრა იქნება, რითაც ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობით მეოთხე ადგილზე მყოფ მერაბ შარიქაძეს გაუტოლდება.
უცვლელი დარჩა შერკინების ხაზი და რუმინეთის მსგავსად, პორტუგალიასთან თამაშს იწყებენ ბურჯები - გიორგი ახალაძე და გიორგი მელიქიძე, კვაჭი ვანო კარკაძე, მეორეხაზელები მიხეილ ბაბუნაშვილი და ლადო ჩაჩანიძე, და მესამეხაზელები - ილია სპანდერაშვილი, ბექა საღინაძე და თორნიკე ჯალაღონია.
ოთხი ცვლილებაა მარქაფაში. ბურჯის პოზიციაზე შეცვლაზე შევლენ მამუკა მსტოიანი და ალექსანდრე ქუნთელია, ხოლო მესამე ხაზში ლუკა ივანიშვილი და ბექა გორგაძე. მსტოიანს ბორჯღალოსნებში დებიუტი ნიდერლანდებთან ქონდა, მაშინ ლელოც გაიტანა და შემადგენლობაში ბრუნდება, ხოლო გორგაძე წელს ნაკრების კვართით პირველად ითამაშებს.
მარქაფაში ექვსი მორკინალი გვეყოლება. 23-კაციან განაცხადში ადგილი შეინარჩუნეს კვაჭმა ნიკოლოზ სუთიძემ და მეორეხაზელმა გიორგი ჯავახიამ; ასევე 9 ნომერმა მიხეილ ალანიამ და მგეზავმა ლუკა მატკავამ.
მარკო ბორტოლამი: „რუმინეთთან ფიზიკური თამაშის შემდეგ აღდგენამ კარგად ჩაიარა და ფინალს კარგ ფორმაში ვხვდებით. პორტუგალია სახფათო გუნდია. განსაკუთრებით მათ ხაზს გამოვყოფ, რომელიც ფრთიდან ფრთამდე სწრაფად და ეფექტურად ათამაშებს ბურთს. ჩვენ თავდაჯერებულები ვართ, დაცვაში უკეთ უნდა გავისარჯოთ და ეს თამაში აუცილებლად მოვიგოთ“.
ლუკა მატკავა: „ვარჯიშებმა კარგად ჩაიარა და ზუსტად ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. მენტალურად და ფიზიკურად ყველაფერი რიგზეა და ვეცდებით მაქსიმუმი გავიღოთ მოედანზე. პორტუგალია კარგ ფორმაშია. მათ კარგი თამაშები ქონდათ და რთული ოპონენტი იქნება, მით უმეტეს, რომ ფინალი მადრიდში გველოდება“.
ლუკა ნიორაძე: „პორტუგალია რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს შემდეგ ყველაზე ძლიერი გუნდია. ისინი ეცდებიან თავისი ძლიერი მხარეები გამოყენონ. ჩვენის მხრივ ვეცდებით მაქსიმალურად ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ. მოტივირებულები ვართ, რადგან წინ ფინალი გველოდება და ეს დიდი განსხვავებაა განვლილ ოთხ მატჩთან შედარებით“.
2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი
ფინალი. 15 მარტი (კვირა)
ესპანეთი. მადრიდი. „ონთაიმ ბუთარქი“. 21:45 საათი (საქ. დრო)
საქართველო - პორტუგალია
საქართველო
ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).
მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. მამუკა მსტოიანი (აჟენი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 21. ბექა გორგაძე (პო); 22. მიხეილ ალანია (ვანი), 23. ლუკა მატკავა (ოიონა).
RUGBY.GE







