„ლივერპულის“ მეკარე ალისონ ბეკერი შესაძლოა ზაფხულში ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდეს. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება.
ბრაზილიელ მეკარეს ინგლისურ გუნდში დარჩენა კონტრაქტის ამოწურვამდე, შესაბამისად, 2027 წლის ზაფხულამდე სურს, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ სიტუაცია შეიცვალოს.
„იუვე“ ახალ მეკარეს ეძებს, რომელიც გამოცდილია და კლუბის ფინანსურ ბიუჯეტშიც ჩაჯდება, რადგან მიკელე დი გრეგორიომ ლუჩანო სპალეტის ნდობა დაკარგა და ბოლო დროს ძირითად შემადგენლობაშიც ვეღარ ხვდება.
შესაძლოა, გადამწყევტი ფაქტორი სწორედ სპალეტიმ შეასრულოს, რომელიც ალისონ იცნობს - ისინი ერთად „რომაში“ მუშაობდნენ. „იუვე“ მზადაა სამხრეთ ამერიკელს იმდენივე ხელფასი შესთავაზოს, რამდენსაც „ლივერპულში“ გამოიმუშავებს - სეზონში 6 მილიონი ევრო.
ალისონის წასვლამ გიორგი მამარდაშვილს „ლივერპულის“ ძირითად შემადგენლობაში შესაძლოა კარი გაუღოს და ამდენად, ეს ცნობა ქართველი მეკარისთვის მნიშვნელოვანია.
ალისონმა „ლივერპულის“ მაისურით დღემდე 330 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მანამდე ის „რომას“ და „ინტერნასიონალის“ ღირსებას იცავდა.





