ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე გიორგი კოჩალიძე და თორნიკე მიქელაძე ფინალში გავიდნენ.
კოჩალიძემ (60 კგ) უკრაინელ იევჰენ პოვობკას 5:1 და აზერბაიჯანელ აიხან ჯავადოვს 3:2 სძლია, 15 მარტს კი ფინალში სომეხ სურენ აღაიანიანს გაეჯირება.
მიქელაძემ (82 კგ) ნორვეგიელი ალექსანდერ აემაესი 8:0, ფინელი ვიკე ტარკიო 9:0 და რუსი გაზმატ გაჯიევი 3:1 დაამარცხა. ფინალში თორნიკეს მეტოქე აზერბაიჯანელი ელმინ ალიევი იქნება.
ბრინჯაოს შანსი ექნება ლუკა გაბისონიას (97 კგ), რომელმაც მეოთხედფინალში მარცხი განიცადა, მაგრამ მისი მეტოქე ფინალშია და ქართველიც ბრინჯაოსთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს.
დღესვე, იასპარეზეს, მაგრამ უმედლოდ დაასრულეს გამოსვლა ანრი ხოზრევანიძემ (67 კგ) და ნიკა ბროლაძემ (72 კგ), რომელთა დამმარცხებელი მოჭიდავეები ფინალში ვერ მოხვდნენ, შესაბამისად, ქართველებიც რეპეშაჟს მიღმა აღმოჩნდნენ.







