ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველომ დღეს ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კობა ქარუმიძე (57 კგ), რომელმაც ბულგარელ ალიოშა ილიევს 9:0 მოუგო, მაგრამ ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ფარიდ სადიხლისთან მარცხი განიცადა, ბრინჯაოსთვის რუმინელ დენის მიჰაის შეხვდა, რომელიც დაამარცხა და მედალს დაეუფლა.
თემურ ორჯონიკიძემ (77 კგ) პირველივე შეხვედრა წააგო რუს დანილ გრიგორიევთან (3:5), მაგრამ რუსი ფინალში გავიდა და ქართველმა რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ჯერ ლიეტუველ როკას ცეპაუსკასი (1:0) და შემდეგ ბელარუსი კირილ ვალეუსკი (8:6) დაამარცხა, შესაბამისად, მანაც ბრინჯაო მოიპოვა.
რატი ხოზრევანიძემ (63 კგ) ალბანელი მიკელ ტროპლინი 10:2 და ბულგარელი ჰრისტიან ივანოვი 6:2 დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში მოლდოველ ვიტალი ერიომენცოსთან 0:4 წააგო და ბრინჯაოსთვის ბრძოლა მოუწია, მაგრამ ეს შეხვედრაც წააგო აზერბაიჯანელ ილკინ გურბანოვთან (3:8) და მედლის გარეშე დარჩა.
ამრიგად, საქართველოს მონაგარი ჯერჯერობით 2 ბრინჯაოს მედალია. ხვალ, ტურნირის ბოლო დღეს, ფინალში იჭიდავებენ და ოქროსთვის იბრძოლებენ გიორგი კოჩალიძე (60 კგ) და თორნიკე მიქელაძე (82 კგ), ლუკა გაბისონიას (97 კგ) რეპეშაჟიდან ბრინჯაოს შანსი აქვს.







