იტალიის სერია B-ს 30-ე ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ სტუმრად „ჩეზენასთან“ ვერ მოიგო.
მასიმილიანო ალვინის გუნდი ორჯერ იგებდა, თუმცა მასპინძლებმა ორჯერვე გაათანაბრეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს. კვერნაძემ 65-ე წუთამდე ითამაშა. მატჩის შემდეგ ალვინიმ ქართველი ფეხბურთელის შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა:
„თამაშის საშუალება მივეცით მათ, ვინც ფორმაში არიან და თავს კარგად გრძნობენ. ვათამაშეთ კვერნაძე და კუცუპიასი, რადგან ძლიერი ფეხბურთელები არიან. დღეს შეცდომები დავუშვით, რადგან მათ მომენტების შექმნის უფლება მივეცით. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ, ვინაიდან ორჯერ ვიგებდით“, - თქვა ალვინიმ.
ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. „ფროზინონეს“ 59 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 18 მარტს, საკუთარ მოედანზე „ბარის“ დაუპირისპირდება.
„კარარეზეში“ და ზოგადად, სერია B-ში დებიუტი ჰქონდა დაჩი ლორთქიფანიძეს, რომელსაც „იუვე სტაბიასთან“ თამაშის საშუალება 90-ე წუთიდან მიეცა. ის „კარარეზეს“ „კრემონეზედან“ იჯარით იანვარში შეუერთდა, ტრავმა არ ჰქონია, მაგრამ მხოლოდ ახლა ათამაშეს.
„კარარეზე“ 33 ქულით სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა, ხოლო 18 მარტს, გენუის „სამპდორიას“ შინ დაუხვდება.





