crocobet დიდი 10-ის მე-17 ტურში, თბილისის ‘ხვამლმა’ დედაქალაქურ დერბიში ‘ლელო’ 20:17 დაამარცხა და საფლეიოფო ექვსეულში შესვლის შანსი შეინარჩუნა.
ზედიზედ მესამე გამარჯვების შემდეგ, მუხიანელებმა სატურნირო ცხრილში 34 ქულა მოაგროვეს და მე-7 ადგილზე დაწინაურდნენ. ‘ხვამლი’ 1 ქულით ჩამორჩება ‘არმიას’, რომელიც ხვალ ‘გორს’ ეთამაშება. ‘ლელოს’ ნუგეშ-ქულა ერგო, ჯამში 38 გაუხდა და მე-5 ადგილზე რჩება.
თამაში კარგი საყურებელი გამოდგა, განსაკუთრებით პირველი ტაიმი. ორივე გუნდი მაღალ ტემპში ცდილობდა შეტევას და „ხვამლი არენაზე“ მისულმა მაყურებელმა არაერთი სანახაობრივი მომენტი იხილა. თამაში ნომინალური სტუმრების შეტევებით დაიწყო და მე-6 წუთზე ანგარიში გაიხსნა. ფორვარდების რამდენიმე მიძალების შემდეგ, რაქიდან ლელოში ბურთი ზურაბ გოთაძემ გადადო, პეტრე ხუციშვილმა კი გარდასახა.
‘ლელო’ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, თუმცა ტაიმის შუაში ზაურ ლუტიძემ საკუთარ 22-თან გადაცემა ჩაჭრა და კონტრშეტევა წამოიწყო, გაგა ქევხიშვილი მას 5-მეტრიანთან წამოეწია და შებოჭა, თუმცა ბურთი რაქიდან გამოვიდა და ლაშა მალაღურაძემ საპასუხო ლელო მაინც გაიტანა. ლუკა თაყაიშვილმა გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.
‘ხვამლი’ ინიციატივას დაეუფლა და 24-ე წუთზე დაწინაურდა. ფრიდონ წიკლაურმა ზურგსუკან პასით შეტევის მიმართულება შეცვალა, ლუკა თაყაიშვილმა სისწრაფეში ხაზი გაჭრა და ფრთაზე გიორგი ჯობავა მოძებნა, რომელსაც ალამთან ლელოს გატანა არ გაჭირვებია. თაყაიშვილი გარდასახვიდან კვლავ ზუსტი იყო. ‘ლელომ’ ტემპს უმატა, გიორგი ჩიქოვანმა ხაზი გაჭრა, ჯაბა სიხარულიძეს ოფლოუდი გაუხერხა. მისი ლელო ხუციშვილმა გარდასახა და ტაიმი 14:14 დასრულდა.
მეორე ტაიმში დაძაბულობამ იმატა და გუნდებმაც აქცენტი ჯარიმების კარში დარტყმაზე გააკეთეს. 46-ე წუთზე თაყაიშვილმა ჯარიმით მასპინძლები დააწინაურა. ‘ლელომ’ დასკვნით წუთებში ტემპს უმატა და ხუციშვილმა 73-ე წუთზე ჯარიმით წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ ‘ხვამლმა’ შეძლო დასკვნითი წუთების მეტოქის 22-ში გატარება, პირველ ჯერზე ჯარიმა კარში არ დაარტყა, თუმცა ბოლო წუთზე აღარ გარისკა და თაყაიშვილმა ჯარიმით ‘ხვამლს’ 20:17 მოაგებინა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ხვამლის’ ბურჯი სერგი ლეჟავა გახდა.
RUGBY.GE







