15 მარტს, შანხაიში მდებარე Shanghai International Circuit-ზე გამართული ჩინეთის გრან პრი სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად იქცა. რბოლა ახალი თაობის ტრიუმფით დასრულდა: იტალიელმა დებიუტანტმა ანდრეა კიმი ანტონელიმ კარიერის პირველი გამარჯვება მოიპოვა და მერსედესისთვის დუბლი მოიტანა.
მეორე ადგილი მისმა თანაგუნდელმა ჯორჯ რასელმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ლუის ჰამილტონი გავიდა, რომელმაც ფერარის პილოტის როლში კარიერის პირველი პოდიუმი აიღო.

სტარტი - ფერარის სწრაფი რეაქცია
ანტონელი რბოლას პოლ პოზიციიდან იწყებდა, მაგრამ სტარტზე ფერარის მანქანებმა ძალიან სწრაფად იმოქმედეს. ჰამილტონმა პირველ მოსახვევში იტალიელს გადაასწრო და ლიდერობა ხელში ჩაიგდო, ხოლო მეორე ფერარი - შარლ ლეკლერი მათ მჭიდროდ მიჰყვებოდა.
ანტონელიმ უკვე მომდევნო წრეზე შეტევის რეჟიმი გამოიყენა და მე-14 მოსახვევში ჰამილტონს ეფექტური მანევრით კვლავ გაუსწრო. ამ მომენტიდან ახალგაზრდა იტალიელმა ტემპის კონტროლი დაიწყო.
უსაფრთხოების მანქანა და სტრატეგიული თამაში
რბოლის მეათე წრეზე ტრასა უსაფრთხოების მანქანამ გაანეიტრალა. მიზეზი ლენს სტროლის მანქანის გაჩერება გახდა. ასტონ მარტინის ბოლიდს სავარაუდოდ ბატარეის პრობლემა შეექმნა.
ამ დროს გუნდებმა სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღეს. ანტონელი პიტში შევიდა და მყარ საბურავებზე გადავიდა. პიტსტოპების შედეგად რამდენიმე პილოტი, მათ შორის არგენტინელი ფრანკო კოლაპინტო და ესტებან ოკონი დროებით წინ აღმოჩნდა, თუმცა რეალური ლიდერები თავიანთ პოზიციებს მალევე დაუბრუნდნენ.
მერსედესის კონტროლი
რბოლის შუა ეტაპზე ლიდერთა ბრძოლა სამ მანქანას შორის მიმდინარეობდა: ანტონელი, რასელი და ორი ფერარი.

ლეკლერისა და ჰამილტონის შიდა ბრძოლამ მერსედესის მძღოლებს მნიშვნელოვანი დრო მოუტანა. საბოლოოდ რასელმა ორივე ფერარის ბოლიდს გადაუსწრო და მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა ანტონელის ჩამორჩენა უკვე შვიდ წამზე მეტი იყო.
ანტონელის უპირატესობა გარკვეულ მომენტში ცხრა წამსაც კი აჭარბებდა.
ნერვიული ფინიში
რბოლის დასრულებამდე სამი წრით ადრე კიმმა შეცდომა დაუშვა, მე-14 მოსახვევში ბორბლები დაბლოკა და მცირე დრო დაკარგა. მიუხედავად ამისა, უპირატესობა საკმარისი აღმოჩნდა და იტალიელმა ფინიშის ხაზი 5.5 წამის უპირატესობით გადაკვეთა.
ეს გახდა მისი კარიერის პირველი გამარჯვება ფორმულა ერთში.

ფერარის შიდა ბრძოლა
ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ეპიზოდი იყო ჰამილტონისა და ლეკლერის დუელი მესამე ადგილისთვის. ორი ფერარი რამდენიმე წრის განმავლობაში გვერდიგვერდ იბრძოდა. გადამწყვეტი მომენტი 40-ე წრეზე დადგა: ჰამილტონმა პირველ მოსახვევში შიდა ტრაექტორიით შეტევა წამოიწყო და პოზიცია საბოლოოდ შეინარჩუნა. ლეკლერმა რბოლა მეოთხე ადგილზე დაასრულა.

შუა ჯგუფის ბრძოლა
მეხუთე ადგილი დაიკავა ოლივერ ბერმანმა დაიკავა, მეექვსე ადგილზე პიერ გასლი გავიდა, პირველი ქულები რედ ბულისთვის აიზეკ ჰაჯარმაც მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ პირველივე წრეზე ბორბლები დაბლოკა და პიტსტოპი მოუწია.
ინციდენტები და ჩამოვარდნები
რბოლა რთული აღმოჩნდა რამდენიმე გუნდისთვის: მაქს ვერსტაპენი გამოვარდა ძრავის პრობლემის გამო. ორივე ასტონ მარტინი ვერ მივიდა ფინიშამდე, ფერნანდო ალონსომ რბოლა ძლიერი ვიბრაციის გამო შეწყვიტა. მაკლარენიდან ოსკარ პიასტრი და ლანდო ნორისი ტექნიკური პრობლემების გამო საერთოდ ვერ გავიდნენ. ასევე აღსანიშნავია ინციდენტი ოკონსა და კოლაპინტოს შორის, რის გამოც ოკონმა 10-წამიანი ჯარიმა მიიღო.
საბოლოო შედეგები (ტოპ 10)
- ანდრეა კიმი ანტონელი – მერსედესი
- ჯორჯ რასელი – მერსედესი
- ლუის ჰამილტონი – ფერარი
- შარლ ლეკლერი – ფერარი
- ოლივერ ბერმანი – ჰაასი
- პიერ გასლი – ალპინი
- ლიამ ლოუსონი – რეისინგ ბულსი
- აიზეკ ჰაჯარი – რედ ბული
- კარლოს საინსი – უილიამსი
- ფრანკო კოლაპინტო – ალპინი
რაც შეეხება საერთო ჩათვლას:
- ჯორჯ რასელი - მერსედესი - 51 ქულა
- კიმი ანტონელი - მერსედესი - 47 ქულა
- შარლ ლეკლერი - ფერარი - 34 ქულა
- ლუის ჰემილტონი - ფერარი - 33 ქულა
- ოლივერ ბერმანი - ჰაასი - 17 ქულა
- ლანდო ნორისი - მაკლარენი - 15 ქულა
- პიერ გასლი - ალპინი - 9 ქულა
- მაქს ფერსტაპენი - რედ ბული - 8 ქულა
- ლიამ ლოუსონი - რეისინგ ბულსი - 8 ქულა
- არვიდ ლინდბლადი - რეისინგ ბულსი - 4 ქულა
რას ნიშნავს ეს შედეგი
შანხაის ეტაპი შეიძლება გახდეს 2026 წლის სეზონის გარდამტეხი მომენტი. მერსედესმა აჩვენა, რომ კვლავ შეუძლია ჩემპიონობისთვის ბრძოლა. ანტონელიმ პირველივე სეზონში დაამტკიცა, რომ მომავლის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია. ჰამილტონის პოდიუმი კი მიუთითებს, რომ ფერარის პროექტი მისი ტრანსფერით, რეალურ შედეგს უკვე იძლევა. აღსანიშნავია ისიც, რომ 7-გზის მსოფლიო ჩემპიონისთვის ჩინეთის გრან პრიზე მოპოვებული მე-3 პოზიცია, მისთვის 203-ე პოდიუმი გამოდგა.

შანხაიში მიღებული სურათი თითქოს ახალი ეპოქის სიმბოლოა: ახალგაზრდა გამარჯვებული, მოქმედი ლიდერი და შვიდგზის ჩემპიონი ერთ პოდიუმზე. წინ სეზონის მე-3 გრან პრია, რომელიც იპონიაში, 27-29 მარტს გაიმართება.







