საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურში „მეცი“ საკუთარ მოედანზე „ტულუზთან“ დრამატულ ბრძოლაში 3:4 დამარცხა, მაგრამ გიორგი აბუაშვილი გოლით, ხოლო გიორგი წიტაიშვილი საგოლე პასით გამოირჩა.
თავიდანვე ვთქვათ, რომ წიტაიშვილი მოედანზე შეუცვლელად იყო და საუკეთესოც გახლდათ, მარცხენა ფლანგიდან რამდენჯერმე შესანიშნავად ჩააწოდა. „მეცი“ ორბურთიანი სხვაობით აგებდა, მაგრამ 30-ე წუთზე ნათან მბალამ შეამცირა სხვაობა, რომელსაც საგოლე პასი წიტაიშვილმა გაუკეთა. ერთ წუთში წიტამ კიდევ ერთხელ ჩააწოდა საჯარიმოში კარგად, მცირე რიკოშეტი იყო და ბურთი კოფი კუაოს მიუვიდა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. რიკოშეტის გამო წიტაიშვილს აქტივში მეორე ასისტი არ ჩაეთვალა.
პირველი ტაიმს მიწურულს „ტულუზა“ ისევ დაწინაურდა (3:2). 71-ე წუთზე თამაშში გიორგი აბუაშვილი ჩაერთო, რომელმაც 88-ე წუთზე მოახერხა მეტოქის კარის აღება და ანგარიში გაათანაბრა. ეს მისი მეორე გოლია ლიგა 1-ში.
„მეცმა“ სცადა გამარჯვების გოლის გატანა, მაგრამ 99-ე წუთზე გაუშვა და ისევ დამარცხდა - 3:4. გიორგი ქვილითაიას მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია.
წიტაიშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 26 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი და 2-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, აბუაშვილის აქტივში 18 მატჩში 2 გოლია, ხოლო ქვილითაია მოედანზე ხუთჯერ იყო.
„მეცს“ ლიგა 1-ში 14-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, რომლის განმავლობაში მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა. შედეგად, 13 ქულით ბოლო ადგილზეა, ძალიან გაუჭირდება ლიგა 1-ში დარჩენა, მომდევნო ტურში 22 მარტს, „რენს“ ესტუმრება.





