საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ფინალში, რომელიც მადრიდში გაიმართა, პორტუგალიის ნაკრებთან დამარცხდა და 2017 წლის შემდეგ პირველად ეს ტიტული ვერ მოიგო.
საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანა, რომლებიც ილია სპანდერაშვილისა და თორნიკე ჯალაღონიას აქტივშია, თედო აბჟანდაძემ კი ერთი გარდასახვა მიითვალა, რასაც პორტუგალიამ ერთი ჯარიმით უპასუხა. შესაბამისად, ტაიმი „ბორჯღალოსნებმა“ 12:3 მოიგეს.
თუმცა, მეორე ტაიმში პორტუგალიამ საქართველოს ყველაფერში აჯობა. მეორე ნახევარში მარკო ბორტოლამის გუნდის ერთადერთი მონაგარი ბექა გორგაძის ლელო იყო, სამაგიეროდ, პორტუგალიამ ერთი გარდასახული ლელო და სამი ჯარიმა მიითვალა და საბოლოოდ, 19:17 გაიმარჯვა. პორტუგალიამ რაგბი ევროპა ისტორიაში მეორედ, 2004 წლის შემდეგ პირველად მოიგო.
გარდა ამისა, საქართველო პორტუგალიასთან 2005 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა - ამ პერიოდში ლუზიტანელებთან 20-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.
საქართველოს აქტივში ამ ტურნირზე ისევ 17 ტიტულია, მაგრამ გუნდს ბოლო დროს კრიზისი აქვს და პროგრესს ვინ ჩივის, რეგრესის გზას დააგდა, რაზეც ეს შედეგიც ნათლად მეტყველებს.
საქართველო - პორტუგალია 17:19 (12:3)







