საქართველოს ნაკრების დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა მარკო ბორტოლამიმ რაგბის ევროპის ფინალში პორტუგალიის ნაკრებთან მარცხის (17:19) კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, მთავარი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატია და მუშაობა სჭირდებათ:
„მუშაობა გვჭირდება. თამაშში ძალიან ვიბრძოლეთ. ალბათ ცოტა აგრესია დაგვაკლდა ბოლო 20 მეტრში. არის საკითხები, რომლებზეც უნდა ვიმუშაოთ და სამუშაოდ მეტი დრო გვჭირდება. ეს არის გუნდის ყველაზე დიდი გამოწვევა, მაგრამ მომავალს ძალიან მოტივირებულები ვხვდებით. ყველაზე დიდი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატია, ამიტომ ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ ეს ელემენტები გავაუმჯობესოთ. ვფიქრობ, ბიჭების ერთგულება და მონდომება დღეს ეჭვქვეშ არ დგას და წინ მივდივართ“, - თქვა ბორტოლამიმ.
საქართველო პორტუგალიასთან 2005 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა - ამ პერიოდში ლუზიტანელებთან 20-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.
საქართველოს აქტივში ამ ტურნირზე ისევ 17 ტიტულია, მაგრამ გუნდს ბოლო დროს კრიზისი აქვს და პროგრესს ვინ ჩივის, რეგრესის გზას დააგდა, რაზეც ეს შედეგიც ნათლად მეტყველებს.







