რაგბი

14:57 | 16.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | არმია 22:29 გორი

გორის ‘გორმა’ crocobet დიდი 10-ის ბოლოსწინა, მე-17 ტურში, თბილისის ‘არმიას’ 29:22 სძლია და ბოლო ადგილს თავი დააღწია.

„რაგბი პლატოზე“ გამართული შეხვედრის საწყის 55 წუთში, სტუმრებმა 4 ლელოს გატანა მოახერხეს და 26-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. დასკვნით 20 წუთში ‘არმიამ’ სამი ლელოთი უპასუხა და 7-ქულიანი სხვაობისთვის ნუგეშ-ქულას გამორჩა, ‘გორს’ კი ბონუსი დააკარგვინა.

ამრიგად, ბოლო ტურის წინ შიდა ქართლელებმა სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ 1 ქულით გადაასწრეს და ჯამში 20-ით მე-9 ადგილზე აღზევდნენ. ‘არმია 36 ქულით საფლეიოფო მე-6 ადგილზე რჩება და ორით უსწრებს ‘ხვამლს’, ‘ლელოს’ კი ასევე ორით ჩამორჩება.

თამაში ‘გორის’ შეტევებით დაიწყო, რომლის მიზანს გასავარდნი, მე-10 ადგილისთვის თავის დაღწევა წარმოადგენდა. მათ თავიდან ჯარიმა კარში არ დაარტყეს და სალელოვედ შეუტიეს, თუმცა სავინიოლო კალავეტის საბა ნატროშვილმა ბოჭვით ბურთი ზედ ალამთან დააგდებინა. სტუმრებს კარის წინ ჯარიმა დაუბრუნდათ და ამჯერად მამუკა ნინიძე 3 ქულას დასჯერდა. ‘არმიას’ მალევე შეეძლო წონასწორობის აღდგენა, თუმვა მერლს პტერსის ჯარიმა არაზუსტი იყო.

‘გორი’ ეპიზოდურად ხელდახელ კარგად უტევდა და 31-ე წუთზე პირველი ლელო გაიტანა - ნიკა ცინცაძემ ხაზი გაჭრა, ბურთი აპილემეკი ნამბოლენგას გაატანა, რომელმაც მბოჭავი ხელის კვრით ჩამოიცილა და ლელომდე დაახლოებით 50 მეტრი ირბინა. ნინიძემ გარდასახა. თამაში რომ განახლდა პიტერსმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა. ტაიმის ბოლოს გიგა კაციტაძე სინბინით დაისაჯა და ‘არმია’ 10 წუთით კაცნაკლული დარჩა, რითაც ‘გორმა’ იქვე ისარგებლა, დიმიტრი ხურცილავამ მოლი ლელოთი დაასრულა და ტაიმი სტუმართა გამარჯვებით, 15:3 დასრულდა.

თამაში რომ განახლდა არმიელებმა საკუთარ 22-ში მარტივ სიტუაციაში დაკარგეს ბურთი, ის კალავეტიმ აიტაცა და მისი ლელო ნინიძემ გარდასახა. 51-ე წუთზე კალავეტიმ ცინცაძის პასის შემდეგ ერთხელაც გაჭრა ხაზი, ცრუმოძრაობებით რამდენიმე მცველს გვერდი აუარა და 50-მეტრიანი გარღვევა ლელოთი დაასრულა. ნინიძე გარდასახვიდან ზუსტი იყო.

‘არმია’ დასკვნით მეოთხედში გააქტიურდა და 59-ე წუთზე მოლი გიგი ქურხულის, ხოლო 77-ეზე ჯაბა შათირიშვილის ლელოებით დასრულდა, რომელთაგან ერთი პიტერსმა გარდასახა. გაწითლებულ დროზე მასპინძლებმა მესამე, ლამაზი ლელო მითვალეს - ფეხით ფრთაზე გადაკიდებულ ბურთს ბექა მაჭარაშვილი დაეუფლა და ალამთან დაამიწა, პიტერსმა კი რთული პოზიციიდან გარდასახვით საკუთარ გუნდს ნუგეშ-ქულა მოუტანა - 22:29.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე პაატა გალდავა გახდა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099747