გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ვენის „აუსტრიასთან“ მატჩის (5:2) შემდეგ, რომელშიც ორი გოლი გაიტანა, პენალტი მოიპოვა და მეტოქეს წითელი ბარათიც მიაღებინა, კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ეს არ იყო იდეალური თამაში და გაუმჯობესება სჭირდებათ:
„თამაშზე კონტროლი არ გვქონდა და დაცვაში სტაბილურები არ ვიყავით. ეს შედეგი მოსალოდნელი არ იყო პირველი ტაიმის შემდეგ, რომელშიც „აუსტრიას“ მეტი გოლის გატანა შეეძლო.
თუმცა ჩემი გოლის შემდეგ, გასახდელში კარგი განწყობით შევედით. გაძევების შემდეგ თამაში უფრო ადვილი გახდა. უამრავი სივრცე და შესაძლებლობა გვქონდა. თუმცა, გაუმჯობესება ჯერ კიდევ გვჭირდება“, - თქვა კიტეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 32 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი და სამჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო კონკრეტულად ავსტრიის ჩემპიონატში 20 შეხვედრაში 12 გოლით და 3 საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა და ბომბარდირებში ლიდერია, უახლოეს მდევარს 2 გოლით უსწრებს.
„შტურმი“ ბუნდესლიგაში პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს სამი ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 20 მარტს, შინ „ზალცბურგს“ დაუპირისპირდება.







