„მეცის“ ვებგვერდზე გიორგი ქვილითაიასთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელმა ბევრ საკითხზე ისაუბრა.
კარიერის პირველი ნაბიჯები, ოჯახი, ქართული სამზარეულო და კულტურა, სამომავლო გეგმები - ქვილითაიამ ფრანგული კლუბის პრესამსახურის შეკითხვებს უპასუხა:
- დაიბადეთ აბაშაში, დასავლეთ საქართველოს ქალაქში. როგორი ბავშვი იყავით?
- უბურთოდ თავი არ მახსოვს. მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთს უკავშირდება. ბავშვობაში დილიდან საღამომდე ბურთს ვთამაშობდი. ხმაურიანი ბავშვი არ ვიყავი, პირიქით, საკმაოდ მშვიდი. ვიცოდი, რა მინდოდა და ყველაფერს ვაკეთებდი ამის მისაღწევად. აბაშა ჩემი სახლია. პატარა ქალაქია, ტურისტებისთვის ბევრი სანახავი ადგილი არაა, რამდენიმე ძველი ეკლესიის გარდა. თუმცა ჩემთვის ეს ყოველთვის ჩემი სახლი იქნება. მასთან ძალიან მიჯაჭვული ვარ.
- პირველი რა მოგონებები გაქვთ ფეხბურთთან დაკავშირებით?
- თამაში დაახლოებით 5 წლის ასაკში დავიწყე. მამაჩემი ფეხბურთელი იყო, ამიტომ ფეხბურთი უკვე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი იყო. მუდმივად ვთამაშობდი ჩემს მეგობრებთან ერთად სამეზობლოში. 6 წლის ასაკში შევუერთდი ჩემს ქალაქში არსებულ პატარა კლუბს. იმ დროს ჩემი რუტინა მარტივი იყო: სკოლა - ფეხბურთი, სკოლა - ფეხბურთი. ასევე ვთამაშობდი ჩემს პატარა ძმასთან ერთად. ის მეკარე იყო, მაგრამ კარიერა ადრე დაასრულა, ცოტა დაეზარა (იცინის - რედ).
- პატარა გიორგისთან რომ შეგეძლოთ საუბარი, რას ეტყოდით მას?
- უბრალოდ ვეტყოდი - ისიამოვნე. ზოგჯერ, ზეწოლისა და მოლოდინების გამო, გვავიწყდება სიამოვნების მიღება. ზედმეტად ბევრს ვფიქრობთ იმაზე, თუ რას ამბობს ხალხი, გულშემატკივრები ან მედია. როდესაც ხუთი წლის ასაკში ფეხბურთის თამაში დავიწყე, მხოლოდ იმიტომ, რომ მიყვარდა. ვფიქრობ, რომ ეს სიამოვნება მთელი ცხოვრება უნდა შეინარჩუნო. რა თქმა უნდა, პროფესიონალი და შრომისმოყვარე უნდა იყო, მაგრამ ასევე უნდა განაგრძო იმის სიყვარული, რასაც აკეთებ და ყოველი წამით ისიამოვნო.
- რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში ოჯახს?
- ჩემი ოჯახი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ახლოს ვართ და დღეში ორჯერ ან სამჯერ ვურეკავ მათ. მამაჩემი და ჩემი ძმა პარი სენ-ჟერმენთან მატჩზე იყვნენ. ახლა იმედი მაქვს, დედაჩემიც შეძლებს ჩამოსვლას. 17 წლის ვიყავი, როცა საქართველო დავტოვე. მას შემდეგ საზღვარგარეთ ვთამაშობ, ამიტომ ხშირად მათგან შორს ვარ, მაგრამ როცა საქართველოში ვბრუნდები, მთელ დროს ერთად ვატარებთ. ისინი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან. მათ იმდენი რამ გააკეთეს, როცა პატარა ვიყავი... ძალიან მადლიერი ვარ.
- როგორც ჩანს, ქართველებს უყვართ დიდ მაგიდებთან შეკრება.
- ჩემთვის ქართული სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ის ჯერ კიდევ შედარებით უცნობია, მაგრამ როგორც კი მოგზაურები ან იუთუბის მომხმარებლები საქართველოში ჩამოდიან და ჩვენს კერძებს აღმოაჩენენ, ისინი გულშემატკივრები ხდებიან. ასევე გვაქვს ძალიან კარგი ღვინო. კარგი, ვიცი, რომ ფრანგების წინაშე ამის თქმა შეიძლება სარისკო იყოს (იცინის - რედ). მაგრამ ვფიქრობ, რომ კონკურენცია შეგვიძლია.
- ფეხბურთის გარდა, რით ხართ გატაცებული?
- ვცდილობ, მეტი ვისწავლო. როდესაც პატარა ვიყავი, სკოლაზე მეტად ფეხბურთზე ვიყავი ორიენტირებული. უკან რომ ვიხედები, ვფიქრობ, რომ ეს შეცდომა იყო. წარსულში დაბრუნების შემთხვევაში, პატარა ქვილითაიას ვეტყოდი, ცოტა მეტი ესწავლა. როცა ფეხბურთელი ხარ, დრო გაქვს. დილის ვარჯიშის შემდეგ ხშირად მთელი დღე თავისუფალია. ამჟამად ძალიან მაინტერესებს საქართველოს ისტორია.
- კარიერის დასრულების შემდეგ, გსურთ საქართველოში დაბრუნება და ცხოვრება?
- ჩემი ქვეყანა მენატრება. ასევე, მგონია, რომ არ მქონდა საკმარისი დრო, რომ მისით დავტკბე. კარიერის დასრულების შემდეგ, ამისთვის მეტი დრო ნამდვილად მექნება. სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი, დავბრუნდები თუ არა იქ სამუდამოდ საცხოვრებლად. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რას გავაკეთებ კარიერის შემდეგ. ჯერ კიდევ ვფიქრობ, მინდა თუ არა ამ სფეროში დარჩენა თუ სხვა რამის კეთება. საკუთარ თავს მწვრთნელად ვერ ვხედავ. შესაძლოა, უფრო კლუბის მენეჯმენტში ვიმუშაო. ეს ისეთი რამაა, რაც მაინტერესებს და რომლის შესწავლასაც ვიწყებ.
- ვარჯიშის შემდეგ, გიორგი წიტაიშვილთან ერთად ხშირად ნარდს თამაშობ. ეს პოპულარული თამაშია საქართველოში?
- ყველა არ თამაშობს, მაგრამ დიახ, საქართველოში ბევრს უყვარს ნარდი. პირადად ჩემთვის, ჭადრაკი მაინც საყვარელი თამაშია. თუმცა, წიტამ თამაში არ იცის, ამიტომ ნარდს ვთამაშობთ.
- ოდესმე გითამაშიათ ჭადრაკი ჯონათან ფიშერის წინააღმდეგ?
- ჯერ არა. ყოველ შემთხვევაში, ის ჯერ ჩემს დონეზე არ არის (იცინის - რედ). ამაზე ფრანგულის გაკვეთილებზე ვისაუბრეთ, მაგრამ ჭადრაკის დაფა ჯერ არ გვიყიდია.
- როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილებები, როდესაც ქალაქს გაეცანი? გიორგი აბუაშვილმა და გიორგი წიტაიშვილმა დაგათვალიერებინეს?
- ქალაქი ძალიან მომწონს. არ მომწონს ძალიან ხალხმრავალი, საცობებითა და ხალხით სავსე ადგილები. მეცში მაშინვე სიმშვიდის შეგრძნება დამეუფლა. ეს მართლაც ლამაზი ქალაქია. უკვე რამდენჯერმე ვიყავით ქალაქის ცენტრში. დასვენების დღეებში ვცდილობ, ქალაქი შევისწავლო და ცოტა მეტი გავიგო ფრანგული კულტურის შესახებ.





