ფეხბურთი

20:44 | 16.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "სპორტში უფრო ხშირად მარცხდები, ვიდრე იმარჯვებ, მარცხი წარუმატებლობა არაა"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის „რეალთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, ისინი ეცდებიან ქამბექს, მაგრამ რა გამოუვათ, არ იცის:

„უნდა ვეცადოთ გამარჯვებას. ამისთვის კონკრეტული გეგმა არ მაქვს. ზოგიერთი მოთამაშე ახალია, ეს ერთი და იგივე ჯგუფი არ არის, მაგრამ ეს წარმოუდგენელი შესაძლებლობაა. მხოლოდ რამდენიმე გზავნილი დარჩა გასაზიარებელი: ვგრძნობ და ვიცი, რომ ვეცდებით. შევძლებთ თუ არა ამის გაკეთებას, წარმოდგენა არ მაქვს.

მენტალურად ძლიერი უნდა იყო, 90 წუთზე მეტია სათამაშო. არ ვნერვიულობ საგოლე მომენტებზე: მათ შევქმნით. ეს ადვილი არ არის, მაგრამ აქ ვართ, ეს საფეხბურთო მატჩია. კარგად უნდა ვითამაშოთ. დიახ, აუცილებლად, იდეალური თამაში გვჭირდება. უნდა ვცადოთ. კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. შეტევაში მომაკვდინებელი უნდა ვიყოთ და კარგად დავიცვათ თავი. შემადგენლობა უკვე შერჩეულია, ეჭვი არ მეპარება.

ჩემთვის ადვილია ვთქვა: „სამი გოლი პირველ 20 წუთში, იდეალურია“. მაგრამ ეს რეალობა არაა. პირველი მატჩის შედეგი საუკეთესო არ იყო. მეტად უნდა გავრისკოთ, მაგრამ თუ შედეგს ვერ მივიღებთ, ზეწოლა უნდა გავაგრძელოთ. როგორც ეს მოხდა „ასტონ ვილასთან“ პრემიერლიგის მოსაგებად ბოლო თამაშში: სამი გოლი 12 წუთში. ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი.

მბაპე თუ დაბრუნდება, ცხადია, მათთვის უკეთესი იქნება. ახლა უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, ითამაშებს თუ არა. სხვა ბევრი არაფერია სათქმელი.

სპორტში შეგიძლია კარგად გააკეთო საქმეები, სცადო გაუმჯობესება და შემდეგ სეზონში ისევ სცადო. ეს ყველაფერი შრომისმოყვარეობის, თავდადებისა და სპორტის სიყვარულის შედეგია. მსოფლიოში არ არსებობს გუნდი, რომელიც ყოველთვის იმარჯვებს. სპორტში უფრო მეტჯერ აგებ, ვიდრე იგებ. „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა 15-ჯერ მოიგო, მაგრამ ლამის 100-ჯერ ითამაშა ტურნირზე: ეს წარუმატებლობაა? მათ მეტი წააგეს, ვიდრე მოიგეს“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალის“ მატჩი 17 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089819