„ბოდო გლიმტის“ ზღაპარი ჩემპიონთა ლიგაზე დასრულდა. ნორვეგიულმა კლუბმა მერვედფინალში ლისაბონის „სპორტინგთან“ შინ მოპოვებული სამბურთიანი უპირატესობა, სტუმრად ვერ შეინარჩუნა.
პორტუგალიელები ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქე დიდ წნეხში მოაქციეს, რამაც შედეგი გამოიღო. პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში ინასიომ გახსნა, ხოლო მეორე ტაიმში „სპორტინგისგან“ წნეხი გაიზარდა. ჯერ გონსალვეშმა გაიტანა მეორე გოლი, 78-ე წუთზე ლუის სუარესმა პენალტით ანგარიში 3:0 გახადა.
ცხადი გახდა, რომ „ბოდო გლიმტი“ ვერ დაბრუნდებოდა. დამატებით დროშიც ყველაფერი ლოგიკურად მოხდა - მასპინძლებმა ორჯერ გაიტანეს: ჯერ არაუჟომ და შემდეგ ნელმა.
საბოლოოდ, „სპორტინგმა“ 5:0 მოიგო, ორი მატჩის ჯამში 5:3 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა, ხოლო „ბოდოს“ მართლაც ზღაპარი დასრულდა.
ნორვეგიულმა გუნდმა ნოემბრის შემდეგ, როცა „იუვენტუსთან“ შინ დამარცხდა, პირველად წააგო. ამ პერიოდში ორჯერ მოუგო „ინტერს“, ასევე, „მანჩესტერ სიტის“, „ატლეტიკოს“, „სპორტინგს“, ხოლო „დორტმუნდთან“ სტუმრად ფრე ითამაშა. ნებისმიერ შემთხვევაში, „ბოდო გლიმტზე“ დიდხანს ისაუბრებენ.
ვთქვათ, რომ „სპორტინგის“ განაცხადში არ იყო გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც ტრავმირებულია.
„სპორტინგი“ – „ბოდო გლიმტი“ 5:0 დ.დ (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 5:3
გოლები: 1:0 ინასიო (34), 2:0 გონსალვეში (61), 3:0 სუარესი (78, პენ), 4:0 არაუჟო (92), 5:0 ნელი (120)







