ფეხბურთი

1:48 | 18.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას მეშვიდე გოლი: პსჟ-მ "ჩელსი" ისევ გაანადგურა და მეოთხედფინალშია

ლონდონის „ჩელსიში“ „პარი სენ-ჟერმენთან“ „სტემფორდ ბრიჯზე“ ქამბექის კი სჯეროდათ და იმედი ჰქონდათ, მაგრამ ამ მოლოდინს ცივი წყალი სასტარტო 15 წუთში გადაესხა.

„პარი სენ-ჟერმენმა“ „ჩელსის“ ლონდონშიც დიდი ანგარიშით მოუგო და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ ისევ გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი მეექვსე წუთზე დალაშქრა, როცა საჯარიმოში მცველს ბრძოლა მოუგო და ზუსტად დაარტყა. ხვიჩამ გოლი საქართველოს უწმინდესის და უნეტარესის, პატრიარქის, ილია II-ს ხსოვნას მიუძღვნა... რაც შეეხება მატჩს, ნათელი გახდა, რომ „ჩელსის“ ქამბექის უნარი არ ჰქონდა.

კვარას გოლიდან 10 წუთში ბრედლი ბარკოლამ გაიტანა შესანიშნავი გოლი და 0:2. საწყის 15 წუთში ყველანაირი ინტრიგა გაქრა. პსჟ თამაშს აკონტროლებდა და უფრო რომ მოენდომებინა, შეიძლება გაცილებით მეტი გოლი გაეტანა. თუმცა, არც 2:0-ს დასჯერდა: 62-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე კვარამ შესანიშნავად ითამაშა, პასი აშრაფ ჰაკიმის გაუკეთა, შემდეგ ბურთი სენი მაიულუსთან აღმოჩნდა, რომელმაც ლამაზი გოლით სხვაობა სამამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - პსჟ-მ 3:0 გაიმარჯვა.

ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ისევ ბრწყინვალედ ითამაშა, 73-ე წუთზე კან-ინ ლიმ შეცვალა. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა უეფამ. ასე რომ, "ჩელსისთან" ორივე თამაშში MVP კვარა გახდა.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 7-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი 11 შეხვედრაში 7 გოლით და 4 საგოლე პასით გამოირჩა. 7 გოლით კვარა ბომბარდირებში მეხუთე ადგილზეა, კილიან მბაპეს, ენტონი გორდონს, ერლინგ ჰოლანდს და ჰარი კეინს ჩამორჩება. ხვიჩას ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში სულ 12 გოლი აქვს გატანილი, 5 ჰქონდა ამ სეზონამდე და მიმდინარე სეზონში უკვე 7 გაიტანა.

„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „გალათასარაი“ – „ლივერპულის“ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

„ჩელსი“ – „პარი სენ-ჟერმენი“ 0:3 (0:2) - ორი მატჩის ჯამში: 2:8

გოლები: 0:1 კვარაცხელია (6), 0:2 ბარკოლა (15), 0:3 მაიულუ (63)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089925