მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ სამბურთიანი უპირატესობა არ გაანიავა, მეტიც, ინგლისშიც აჯობა მეტოქეს.
პეპ გვარდიოლას გუნდს ქამბექის იმედი და ამბიცია ჰქონდა, იბრძოლა კიდეც, მაგრამ 22-ე წუთზე ბერნარდო სილვა გააძევეს, 10-კაციანი „სიტი“ ბევრს ვერაფერს გახდა. პორტუგალიელმა ცარიელი კარიდან ხელით გამოიტანა ბურთი და პენალტიც დაინიშნა, რომელიც ვინისიუსმა ზუსტად დაარტყა.
პირველი ტაიმის მიწურულს ერლინგ ჰოლანდმა გაათანაბრა ანგარიში. მეორე ტაიმში „სიტი“ ცდილობდა შეტევას, მაგრამ „რეალმა“ თავი კარგად დაიცვა, ხოლო კომპენსირებულ დროში დემორალუზებულ მეტოქეს ესპანურმა გრანდმა მეორე გოლიც გაუტანა: ისევ ვინისიუსმა, რომელმაც დუბლი შეასრულა.
„რეალმა“ 2:1 მოიგო, ორი მატჩის 5:1 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზეა, სადაც წესით, „ბაიერნს“ შეხვდება.
მეოთხედფინალში ითამაშებს „არსენალიც“, რომელმაც „ლევერკუზენთან“ სტუმრად ფრის (1:1) შემდეგ შინ ადვილად, 2:0 მოიგო. პირველ ტაიმში ებერეჩი ეზემ გახსნა დიდებული გოლით ანგარიში, ხოლო მეორე ნახევარში დეკლან რაისმა სხვაობა გააორმაგა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მიკელ არტეტას გუნდმა ორი მატჩის ჯამში 3:1 მოიგო.
ლონდონის „არსენალი“ მეოთხედფინალში ლისაბონის „სპორტინგს“ დაუპირისპირდება.
„მანჩესტერ სიტი“ – „რეალი“ 1:2 (1:1) - ორი მატჩის ჯამში: 1:5
გოლები: 0:1 ვინისიუსი (22, პენ), 1:1 ჰაალანდი (41), 1:2 ვინისიუსი (90)
„არსენალი“ – „ლევერკუზენი“ 2:0 (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 3:1
გოლები: 1:0 ეზე (36), 2:0 რაისი (63)







