ფეხბურთი

3:01 | 18.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "ვაჩვენეთ, რომ ყველაფერი შეგვიძლია"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ჩელსისთან“ გოლისა და გამარჯვების (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც ქართველმა ფეხბურთელმა თქვა, ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია და პსჟ-საც ყველაფერი შეუძლია - ასე რომ, არ გამორიცხა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგება:

"ფანტასტიკურია, რომ „ჩელსის“ წინააღმდეგ სამი გოლი გავიტანეთ. ასე უნდა გავაგრძელოთ და ბევრი ვიშრომოთ. ჩვენთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. ვცდილობ, ყველა მატჩში ერთნაირად ვითამაშო, ვიშრომო და გუნდს დავეხმარო. ვფიქრობ, ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ. ეს თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვაჩვენეთ, რომ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია, ამიტომ ძალიან ბედნიერები ვართ. ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო სეზონი მაქვს? ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა, ყოველთვის ვცდილობ გუნდს დავეხმარო და ვიყო ჩემი თავის საუკეთესო ვერსია, მინდა ამ კლუბს ყველაფერი მივცე და ვცდილობ ჩემი საქმე სწორად გავაკეთო.

რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება. ვფიქრობ, ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. უბრალოდ საჭიროა ყველა თამაშში კონცენტრაცია. უნდა მოვემზადოთ თითოეული მატჩისთვის და მაქსიმუმი გავიღოთ. ვფიქრობ, ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია და მზად ვართ, ჩვენთვის ყველაფერი შესაძლებელია.

დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ლამაზ სტადიონზე, შესანიშნავ ამოტსფეროში თამაშის მოგება და ამით ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ. ვიცით, რომ წინ ბევრი თამაში გვაქვს, ამიტომ უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები მომდევნო მატჩებზე. ვიცით, რომ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. შეგვიძლია, რადგან ეს უკვე გავაკეთეთ გასულ სეზონში. თუმცა, რა თქმა უნდა, რთულია. წინ ბევრი თამაში გვაქვს. ჯერ არ ვიცით, ვის შევხვდებით. ამიტომ უბრალოდ უნდა ვითამაშოთ ჩვენი თამაში, კონცენტრირებულები ვიყოთ მატჩებზე. ყოველდღე ვცდილობ ბევრი ვიმუშაო, ეს ჩემი საქმეა. მინდა გუნდს დავეხმარო, რადგან ეს გუნდი საოცარია. ძალიან ძლიერი გუნდური ერთიანობა გვაქვს და უბრალოდ ერთად უნდა ვითამაშოთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ.

თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ძალიან მიხარია, რომ ჩელსი დავამარცხეთ. ადვილი არ იყო, რადგან მათ საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავთ. რთული თამაში იყო, მაგრამ დღეს ჩვენი საღამო იყო. ჩვენი თამაში ვითამაშეთ და მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველამ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. ამით ბედნიერები ვართ. მნიშვნელოვანი იყო, რომ პირველი გოლი საკმაოდ სწრაფად გავიტანეთ. ამის შემდეგ, უბრალოდ ჩვენი თამაში ვითამაშეთ. რთული იქნებოდა, პირველი გოლი რომ გაგვეშვა, რადგან შესაძლოა ჩვენი თამაში შეცვლილიყო. ყოველ თამაშში ვცდილობთ თავდაჯერებულობის აღდგენას. შესანიშნავი სამუშაო გავწიეთ. ასე უნდა გავაგრძელოთ, რადგან წინ ბევრი თამაშია.

გულშემატკივრები? მხოლოდ მადლობა შეგვიძლია გადავუხადოთ მათ! ისინი წარმოუდგენლები იყვნენ. 90 წუთის განმავლობაში არ წყვეტდნენ ჩვენს მხარდაჭერას. ისინი უზომოდ გვეხმარებიან და ძალიან ვამაყობთ, რომ მათნაირი გულშემატკივრები გვყავს“, - თქვა კვარაცხელიამ.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 7-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი 11 შეხვედრაში 7 გოლით და 4 საგოლე პასით გამოირჩა. 7 გოლით კვარა ბომბარდირებში მეხუთე ადგილზეა, კილიან მბაპეს, ენტონი გორდონს, ერლინგ ჰოლანდს და ჰარი კეინს ჩამორჩება. ხვიჩას ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში სულ 12 გოლი აქვს გატანილი, 5 ჰქონდა ამ სეზონამდე და მიმდინარე სეზონში უკვე 7 გაიტანა.

„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „გალათასარაი“ – „ლივერპულის“ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.221931