„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მადრიდის „რეალთან“ მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, მისი კარიერის მთავარი გამოწვევა არა „რეალთან“ მატჩები, არამედ იურგენ კლოპის „ლივერპულთან“ დაპირისპირება იყო.
„უბრალოდ მაქვს განცდა, რა მოხდებოდა, 11-11-ზე რომ გვეთამაშაა. ყველაფერი გავაკეთეთ. არაჩვეულებრივი გუნდი გვყავს საოცარი ფეხბურთელები, აქ ნათელი მომავალია. ჩვენ დავბრუნდებით. ამას 10 წლის შემდეგაც ვიტყვი, როცა პენსიაზე ვიქნები, რადგან მე ამ კლუბის ნაწილი ვარ, როგორც „ბარსელონაში“ ან „ბაიერნში“, როცა იქ ვიყავი, კლუბის ნაწილი ვიყავი. „მანჩესტერ სიტისთან“ ძალიან მიჯაჭვული ვარ. ერლინგ ჰოლანდს ტრავმა აქვს, „არსენალის“ წინააღმდეგ ლიგის თასის ფინალში ხელმისაწვდომი იქნება.
ალვარო არბელოას მუშაობა მომწონს, მას კარგი კარიერა ექნება. „რეალი“ ჩემი კარიერის ყველაზე დიდი გამოწვევა არ ყოფილა, ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა იურგენ კლოპი და „ლივერპული“ იყო. შეიძლება ესპანეთში ხართ ჟურნალისტები და ვერ შენიშნეთ, წარმოდგენა არ გაქვთ, როგორი იყო კლოპის „ლივერპულთან“ დაპირისპირება. ეს შესანიშნავი სასწავლო გამოცდილება იყო.
მხოლოდ ერთხელ მოვიგე „სიტიში“ ჩემპიონთა ლიგა? ყველას ჩემი წასვლა გსურთ ხომ? ერთ დღესაც ვიტყვი - ნახვამდის ბიჭებო. მაგრამ ჯერ მაინც აქ ვარ, კიდევ ერთი წლით კონტრაქტით“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ „რეალთან“ ორი მატჩის ჯამში 1:5 დამარცხდა. პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში სულ ოთხი შემთხვევა იყო, როცა პლეი-ოფში მისმა გუნდმა ორივე თამაში წააგო და სამჯერ ეს „რეალთან“ მოხდა - 2013-2014, 2024-2025 და 2025-2026 წლების სეზონებში.







