ფეხბურთი

17:50 | 18.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო, კოსტაკურტა, დი კანიო: "კვარაცხელია დიდი მატჩების ფეხბურთელია"
"ჩელსი" მოკლა, ჯერ მატჩის ბოლოს და შემდეგ მეორე მატჩის დასაწყისში"

Sky Sport-ის სტუდიაში „ჩელსი“ – „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩის (0:3) შესახებ და უფრო კონკრეტულად, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრეს.

ქართველი ფეხბურთელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს ალესანდრო კოსტაკურტამ, ფაბიო კაპელომ, პაოლო დი კანიომ, ასევე, ჟურნალისტებმა პაოლო კონდომ და ფედერიკა მასოლინიმ.

ალესანდრო კოსტაკურტა: „მეტოქე მოკლა პირველ მატჩში ორი გოლით და ახლა მეოცე წუთზე, უფრო სწორად, მეექვსე წუთზე გატანილი გოლით. კიდევ რა უნდა გინდოდეს თავდამსხმელისგან?“.

პაოლო დი კანიო: „დასაწყისში და ბოლოშიც მოკლა. პსჟ-მ დაიბრუნა თავდაჯერება და ნამდვილად ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. როცა ისინი ანგარიშში წინ გადიან, უფრო მეტი სიამოვნებით თამაშობენ. 3:0, 5:2, ყველაფერი ცხადია. ეს არის განსხვავება ამ მომენტში: ერთი არის კარგად აწყობილი გუნდი მსოფლიო დონეზე, ხოლო მეორე ნიჭიერი ფეხბურთელებისგან შემდგარი, მაგრამ ჯერ კიდევ გუნდურ “სიმფონიად” ჩამოსაყალიბებელი. პირველი გუნდი კი უკვე შესანიშნავი სიმფონიაა“.

ფედერიკა მასოლინი (ჟურნალისტი): „პაოლო, კვარაცხელიას მაჩვენებლებს გეტყვი, რომელიც მნიშვნელოვანი საღამოების კაცია: გოლი „სპორტინგთან“, „ნიუკასლთან“ საგოლე პასი, „მარსელთან“ კლასიკში გოლი, ჩემპიონთა ლიგაზე „მონაკოსთან“ გოლი, „ჩელსისთან“ დუბლი და ისევ „ჩელსისთან“ გოლი. ის განსაკუთრებულ მატჩებში ფეთქდება“.

პაოლო კონდო (ჟურნალისტი): „იმიტომ, რომ უზარმაზარი ხარისხის მქონე ფეხბურთელია. ის ჩვენ აღმოვაჩინეთ იტალიაში, რადგან როცა აქ ჩამოვიდა, ნამდვილად ცოტა თუ იცნობდა. „ნაპოლიში“ სკუდეტო მოიგო, ის და ოსიმენი სპალეტის ჩემპიონობაში საკვანძო ელემენტები იყვნენ. მახსოვს, შარშან, სანამ „ნაპოლიდან“ წავიდოდა, ამბობდნენ, რომ პროგნოზირებადი ფეხბურთელი ხდებოდა. თუმცა ვთქვათ, რომ დიდ მატჩებში პროგნოზირებადი ნამდვილად არაა...“

ფაბიო კაპელო: „პროგნოზირებადი იყო, რადგან მონდომება აკლდა, წასვლა უნდოდა“.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 7-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი 11 შეხვედრაში 7 გოლით და 4 საგოლე პასით გამოირჩა. 7 გოლით კვარა ბომბარდირებში მეხუთე ადგილზეა, კილიან მბაპეს, ენტონი გორდონს, ერლინგ ჰოლანდს და ჰარი კეინს ჩამორჩება. ხვიჩას ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში სულ 12 გოლი აქვს გატანილი, 5 ჰქონდა ამ სეზონამდე და მიმდინარე სეზონში უკვე 7 გაიტანა.

„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „გალათასარაი“ – „ლივერპულის“ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099371