ფეხბურთი

0:10 | 19.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკიმ ინძაგის რეკორდი დაამხო, იამალმა - მბაპეს

„ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში „ნიუკასლი“ 7:2 გაანადგურა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ამ შეხვედრაში რამდენიმე რეკორდი დამყარდა. მაგალითად, რობერტ ლევანდოვსკიმ ორი რეკორდი დაამყარა.

რეკორდები „ბარსა“ – „ნიუკასლის“ მატჩიდან:

„ნიუკასლი“ 41-ე გუნდია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე რობერტ ლევანდოვსკიმ გოლი გაუტანა. 41 სხვადასხვა გუნდთან გოლი ამ ტურნირზე რეკორდია. გარდა ამისა, პოლონელი ყველაზე ასაკოვანი (37 წლის 209 დღის) მოთამაშეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე დუბლი შეასრულა. მან ფილიპო ინძაგის რეკორდი დაამხო, რომელმაც 2010 წლის ნოემბერში „რეალთან“ ორი გოლი 37 წლისა და 86 დღის ასაკში გაიტანა.

18 წლისა და 248 დღის ასაკში, ლამინ იამალი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 10 გოლი გაიტანა, რითაც კილიან მბაპეს 2017 წლის რეკორდი (18 წლისა და 350 დღის) დაამხო.

ფერმინ ლოპესი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მონაწილეობდა 10 გოლში (6 გოლი და 4 ასისტი) და „ბარსელონას“ პირველი ესპანელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ ტურნირზე ერთ სეზონში გოლებისა და პასების საერთო ჯამით ორნიშნა მაჩვენებელს უწია.

„ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში შვიდი გოლი ისტორიაში მესამედ გაიტანა. მანამდე ეს მერვედფინალში, 2012 წლის მარტში (7:1) „ლევერკუზენის“ წინააღმდეგ და ჯგუფურ ეტაპზე 2016 წლის სექტემბერში (7:0) „სელტიკის“ წინააღმდეგ მოახერხა.

„ნიუკასლ იუნაიტედი“ მხოლოდ მეორე ინგლისური გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა თასის/ლიგის მატჩში შვიდი გოლი გაუშვა, 2019 წლის ოქტომბერში „ბაიერნთან“ 2:7 „ტოტენჰემმა“ წააგო.

ენტონი ელანგა მხოლოდ მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში „კამპ ნოუზე“ ინგლისური კლუბის მაისურით ორჯერ გაიტანა გოლი, დუაიტ იორკის შემდეგ, რომელმაც 1998 წლის ნოემბერში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით „ბარსას“ მისსავე მოედანზე დუბლი შეუსრულა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ მეოთხედფინალში მადრიდის „ატლეტიკოს“ ან „ტოტენჰემს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169913