ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალისტები გაირკვა. ტურნირს 8 გუნდი შემორჩა, რომლებიც აპრილში გააგრძელებენ ბრძოლას ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდოსთვის.
წყვილები მართლაც საინტერესოა: „რეალი“ – „ბაიერნის“ კლასიკა რად ღირს, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის „პარი სენ-ჟერმენი“ – „ლივერპულის“ დაპირისპირება განსაკუთრებით საინტერესო იქნება, ერთ მხარეს ხვიჩა კვარაცხელია, მეორე მხარეს - გიორგი მამარდაშვილი.
გარდა ამისა, ეს გუნდები გასულ სეზონშიც შეხვდნენ, ოღონდ მერვედფინალში. პსჟ-მ ორი მატჩის ჯამში პენალტების სერიაში მოიგო, ჯერ შინ 0:1 დამარცხდა და მერე სტუმრად 1:0 მოიგო, საბოლოოდ, თერთმეტმეტრიანების სერიაში ფრანგულ გუნდს ერგო გამარჯვება.
„ბარსელონა“ – „ატლეტიკოს“ ესპანური დერბიც ძალზე საინტერესოა. ცოტა ხნის წინ „ატლეტიკომ“ „ბარსა“ ესპანეთის თასის ნახევარფინალიდან გააგდო. გასახსენებელია, რომ ისინი 2015-2016 წლების სეზონშიც მეოთხედფინალში შეხვდნენ და მაშინ მადრიდელებმა მოიგეს. 10 წლის შემდეგ ამავე ეტაპზე შეხვდებიან.
„არსენალი“ კი ლისაბონის „სპორტინგთან“ ფურცელზე აშკარა ფავორიტია. ასე რომ, მეოთხედფინალში სამი ქართველი ფეხბურთელის გუნდია, პორტუგალიურ გუნდში გიორგი ქოჩორაშვილია.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები 7-8 და 14-15 აპრილს გაიმართება.
„პარი სენ-ჟერმენი“ – „ლივერპული“
„რეალი“ – „ბაიერნი“
„ბარსელონა“ – „ატლეტიკო“
„სპორტინგი“ – „არსენალი“
ნახევარფინალში პსჟ - „ლივერპულის“ გამარჯვებული „რეალი“ – „ბაიერნის“ გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო „ბარსელონა“ – „ატლეტიკოში“ უმჯობესი „არსენალი“ – „სპორტინგის“ წყვილში საუკეთესოს შეხვდება.







