„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ შეხვედრაზე ისაუბრა.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა გაიხსენა შარშანდელი მატჩები და თქვა, რომ „ლივერპული“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც გასულ სეზონში პსჟ-ს წინააღმდეგ თანაბრად იბრძოლა და ჯერ დამატებით დრომდე, შემდეგ კი პენალტებამდე მიიყვანა თამაში.
„პსჟ საოცარი გუნდია, ეს გასულ სეზონშიც გამოვცადეთ, როცა მათ წინააღმდეგ ვითამაშეთ. გასვლით მატჩში ძალიან რთული თამაში იყო და აქ, „ენფილდზე“, იდეალური თამაში ჩავატარეთ. ბევრჯერ მითქვამს, რამდენად შესანიშნავი მატჩი იყო, საუკეთესო თამაში, რაც კი ჩემს კარიერაში მქონია, არა შედეგით, არამედ თამაშის ხარისხით. ორივე გუნდი უბრალოდ ფეხბურთს თამაშობდა, უბრალოდ გულშემატკივარს სიამოვნებას ანიჭებდა. ჩვენ ვიყავით ერთადერთი გუნდი, რომელმაც პსჟ-სთან თამაშის დამატებით დროში გადაყვანა შეძლო, ერთადერთი გუნდი, რომელმაც პსჟ პენალტებამდე მიიყვანა... „გალათასარაისთან“ ვაჩვენეთ, რომ ჯერ კიდევ შეგვიძლია იმ დონეზე თამაში, რა დონეზეც გასული სეზონის დიდი ნაწილის განმავლობაში ვთამაშობდით“, - განაცხადა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ „ლივერპული“ გასულ სეზონში მერვედფინალიდან გააგდო (0:1, 1:0 და მოგება პენალტების სერიაში). სულ ეს გუნდები 6-ჯერ შეხვედრიან ისტორიაში და ორივე გუნდმა 3-3 მატჩი მოიგო, მაგრამ პსჟ-მ „ლივერპული“ 1997 წელს თასების თასიდან გააგდო, ხოლო შარშან ჩემპიონთა ლიგიდან.
ხვიჩა კვარაცხელია კარიერაში პირველად ითამაშებს გიორგი მამარდაშვილის წინააღმდეგ, ხოლო „ლივერპული“ არის გუნდი, რომლის წინააღმდეგ კვარას ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტჯერ უთამაშია - ორჯერ „ნაპოლის“ და ორჯერ პსჟ-ს მაისურით, წინ კიდევ ორი დაპირისპირება ელოდება.
პსჟ „ლივერპულს“ 8 აპრილს უმასპინძლებს, ხოლო 14 აპრილს შეხვედრა „ენფილდ როუდზე“ გაიმართება.







