სხვა

20:06 | 19.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ისრაელთან პლეი-ოფის პირველი მატჩი წააგო

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისრაელის ნაკრებთან პლეი-ოფის პირველი მატჩი წააგო.

თელავში გამართულ დაპირისპირებაში ტიტე კალანდაძის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ იგებდა - 16:15, მაგრამ მეორე ტაიმში ისრაელმა უკეთ ითამაშა და საბოლოოდ, მეტოქემ 32:29 მოიგო. სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა, საქართველოს ბოლო წუთებში რომ არ შეემცირებინა სხვაობა, ხოლო გიორგი ცხოვრებაძეს ბოლო წამზე არ გაეტანა.

სწორედ ცხოვრებაძე გამოირჩა 12 გოლით, 4-4-ჯერ დალაშქრეს მეტოქის კარი ნიკოლოზ კალანდაძემ და გიორგი ლაფიაშვილმა, ხოლო ირაკლი კბილაშვილის და ხაზეინ რუსტამოვის აქტივში 3-3 გოლია. ორი გოლით გამოირჩა გიორგი დიხამინჯია.

საპასუხო შეხვედრა 21 მარტს, 16:00 საათზე, ისევ თელავში გაიმართება. წესით, თელ ავივში იყო დაგეგმილი, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში ომის გამო მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორივე თამაში საქართველოში ჩატარებულიყო.

ორი მატჩის ჯამში მოგებული მომდევნო ეტაპზე გავა, სადაც მაისში ესპანეთის ნაკრებს შეხვდება და იქ მოგებული უკვე მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

საქართველოს ნაკრებმა 2024 და 2026 წლებში ზედიზედ ორჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ მსოფლიოს ჩემპონატზე მონაწილეობა არასდროს მიუღია.

საქართველო - ისრაელი 29:32 (16:15)

საქართველო: ცინცაძე, ცხოვრებაძე (12 გოლი), ლაფიაშვილი (4), კალანდაძე (4), რუსტამოვი (3), კბილაშვილი (3), დიხამინჯია (2), ხელისუფალი, ხარებაშვილი, არეშიძე, გრიშიკაშვილი, ლანჩავა, გავაშელიშვილი, იმნაძე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165616