ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის, ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა ისრაელის ფეხბურთის ასოციაცია მრავალჯერადი დარღვევისთვის დააჯარიმა, იტყობინება L’equipe ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაყრდნობით.
ფეხბურთის მსოფლიო მმართველმა ორგანომ ისრაელის ფეხბურთის ასოციაცია არ გარიცხა წევრობიდან თუმცა, სადისციპლინო კომიტეტმა 150,000 შვეიცარიული ფრანკით (165,000 ევრო) დააჯარიმა ანტიდისკრიმინაციული ვალდებულებების „სერიოზული და განმეორებითი დარღვევებისთვის“.
40-გვერდიან გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილია ისრაელის ფეხბურთში რასისტული ინციდენტების რაოდენობა. გარდა ამისა, ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ასოციაციამ „არ გააკეთა საჯარო განცხადება რასიზმის დაგმობის შესახებ, არ დაიწყო ანტიდისკრიმინაციული კამპანია და არ გადადგა ნაბიჯები არაბი ან პალესტინელი მოთამაშეების ჩართვის ხელშესაწყობად“.







