დღეს, სტარტი აიღო ძიუდოში თბილისის გრანდ სლემმა, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს მონაგარი ერთადერთი ბრინჯაოს მედალია.
66 კგ წონით კატეგორიაში თორნიკე გიგაურმა უზბეკი აბდურახიმ ნუტფულოევი, ყაზახი აკილჟან ჟუბატკანოვი და რუსი რამაზან აბდულაევი დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვთან მარცხი განიცადა. ბრინჯაოს მედლისთვის ის კვიპროსელ პეტროს ხრისტოდულიდესს გაეჯიბრა, რომელსაც იპონით აჯობა და მიმდინარე გრანდ სლემზე საქართველოს პირველი მედალი მოუტანა.
ქალთა შორის, 57 კგ წონით კატეგორიაში ნინო ლოლაძემ ლიხტენშტეინელ ლეა ვისს და ხორვატ ანა ვიქტორია პულისს მოუგო, შემდეგ ფინელ ინბალ შემეშთან დამარცხდა, მაგრამ რეპეშაჟში გადავიდა, სადაც სერბ მარიცა პერიშიჩს აჯობა, ხოლო მედლისთვის ფინელ პილა სალონენს შეხვდა, მაგრამ იპონით წააგო და მედალი ვერ მოიპოვა.
დღესვე იასპარეზეს სოფო ბედოშვილმა, ელენე გვაზავამ, ნინო თათრიშვილმა, მარიამ ზაქარაიამ, თამარ გიგოლაევმა, ლუკა გადელიამ, გიორგი ჩანქსელიანმა, მათე გოგობერიშვილმა, ლაშა ნადირაძემ, თემურ ნოზაძემ და თორნიკე მაზიაშვილმა, მაგრამ ყველა მათგანი უმედლოდ დარჩა.







