„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საფრანგეთის ლიგა 1-ის 27-ე ტურში „ნიცასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ესპანელმა სპეციალისტმა ისაუბრა, როგორც მომავალ მატჩზე, ისე „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დაპირისპირებაზე.
„მარტივი გასვლითი თამაშები არ არსებობს. ჩვენთვის ამ მატჩის მოგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში ვართ და ეს სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ. ასევე, გასვლით მატჩებში ჩვენი თამაშის დონის ამაღლებაზე უნდა ვიზრუნოთ.
ძალიან მიხარია, რომ ლუკა შევალიე საფრანგეთის ნაკრების განაცხადშია. ჩემი აზრით, ის ამას იმსახურებს. ჩემი აზრი არ შეცვლილა და იგივეს გავაკეთებდი, საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი რომ ვიყო. ვცდილობ, ჩემი ფეხბურთელები დავიცვა, ეს ნორმალურია, ლუკასთვის ძალიან პოზიტიურია, რომ ნაკრებში გამოიძახეს.
რა თქმა უნდა, ჩვენთვის „ლივერპული“ კარგი მოგონებაა. მახსოვს, გასულ სეზონში, სეზონის ამ ეტაპზე, „ლივერპული“ ევროპაში საუკეთესო გუნდი იყო. ისინი წარმოუდგენელ ფეხბურთს თამაშობდნენ. მოუთმენლად ველით მათთან თამაშს, ჯერ პარიზში, შემდეგ კი ლივერპულში. გამიმართლა, რომ წარმოუდგენელი გუნდი და ჭკვიანი მოთამაშეები მყავს, მათ იციან, რომ ასეთ მატჩებში ფავორიტები არ არსებობენ. „ლივერპულის“ მსგავსი გუნდის წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებული და განსხვავებულია. ეს ჩვენი ტურნირია, რადგან მოქმედი ჩემპიონები ვართ. მახსოვს, გასულ სეზონში არნე სლოტი ჩვენზე ძალიან კარგად საუბრობდა, მაშინ, როდესაც რთულ პერიოდს გავდიოდით.
ბარკოლა? იქნება ეს მისი აზროვნება, ტექნიკური შესაძლებლობები თუ ფიზიკური მონაცემები, ბრედლი ბარკოლა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო. ვფიქრობ, ის იყო თავდამსხმელი, რომელმაც ყველაზე მეტი წუთი ითამაშა. მან გუნდისთვის ძალიან დადებითი რამ გააკეთა, ამიტომ ეს ტრავმა სამწუხაროა, მაგრამ ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება. ადაპტაციაა საჭირო და ეს არის ის, რაც ჩვენ, როგორც გუნდმა, ვიცით.
ჟოაო ნევეში ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ტრავმა არ აქვს, მაგრამ სეზონის ბოლო თვეებში მის ფიზიკურ მდგომარეობას ყურადღებით უნდა მივუდგეთ, ნორმალურია, რომ ასე უნდა მოვიქცეთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „ნიცასა“ და „პარი სენ-ჟერმენი“ მატჩი 21 მარტს გაიმართება. პსჟ ლიგა 1-ში ლიდერის პოზიციაზე 57 ქულითაა და ქულით უსწრებს „ლანსს“, მაგრამ თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული.





