ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში „ვილიარეალმა“ „სოსიედადი“ 3:1 დაამარცხა, გიორგი მიქაუტაძემ კი გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.
მარსელინოს გუნდი მეშვიდე წუთზე ჟერარ მორენომ დააწინაურა, ხოლო მე-15 წუთზე მიქაუტაძემ გაიტანა. მან თავისივე დაწყებული შეტევა დაასრულა შედეგიანი დარტყმით. 5 წუთში დუბლთან ახლოს იყო, კარგი პოზიციიდან ოდნავ არაზუსტად დაარტყა.
23-ე წუთზე ნიკოლა პეპემ ანგარიში სამამდე გაზარდა, ასისტი მიქაუტაძის აქტივშია, რომელმაც ძალიან კარგი პასი გაუკეთა თანაგუნდელს. ბასკებმა მეორე ტაიმის დასაწყისში შეამცირეს სხვაობა და 3:1.
თუმცა, ანგარიში განსხვავებული იქნებოდა, მიქაუტაძეს უფრო ზუსტად რომ ეთამაშა: 73-ე წუთიდან მე-80 წუთამდე, 7-წუთიან ინტერვალში ჟორჟს სამი ძალიან რეალური მომენტი ჰქონდა: ჯერ მეკარესთან პირისპირ იყო და კარს ააცილა, მერე მეკარემ აჯობა, როცა მახვილი კუთხიდან ურტყამდა, მაგრამ კარგი პოზიციიდან, ბოლოს კი ძალიან ახლო მანძილიდან ვარდნაში ვერ დაარტყა ზუსტად. ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი ფორვარდი დამსახურებულად დაასახელა.
გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი (მათ შორის 6 მიმდინარე წელს) და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 34 შეხვედრაში 11 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. გარდა, ამისა, 1 გოლი ლიგა 1-შიც გაიტანა, რადგან სეზონი საფრანგეთის ჩემპიონატში, კერძოდ, "ლიონში" დაიწყო.
„ვილიარეალი“ 58 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 6 აპრილს, „ჟირონას“ სტუმრად შეხვდება, ხოლო მანამდე სანაკრებო პაუზაა, მიქაუტაძეც საქართველოს ნაკრებში ისრაელისა და ლიეტუვის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრებში ითამაშებს.





