ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში „ვილიარეალმა“ „სოსიედადი“ 3:1 დაამარცხა, გიორგი მიქაუტაძე საუკეთესო იყო, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
ქართველს კიდევ ბევრი შანსი ჰქონდა და შეეძლო გაცილებით მეტი გოლი გაეტანა. ესპანურ მედიაში მის თამაშს ასე გამოეხმაურნენ:
Eldesmaruqe 7.5 ქულა: „ის მეორე გოლში თავიდანვე მონაწილეობდა და საგოლე ალღოთი დაასრულა. ჭკვიანურად მოძრაობდა, თავს ესხმოდა სივრცეებს და შანსებს მუდმივად ქმნიდა. ამ მატჩში სრულყოფილი თავდამსხმელი“.
AS: “მან ერთი გოლი გაიტანა და შეეძლო სამი ან ოთხი გოლის გატანა. ის ძალიან ჩართულად და საშიშად გამოიყურებოდა. მას სიზუსტე აკლდა“.
გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი (მათ შორის 6 მიმდინარე წელს) და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 34 შეხვედრაში 11 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. გარდა, ამისა, 1 გოლი ლიგა 1-შიც გაიტანა, რადგან სეზონი საფრანგეთის ჩემპიონატში, კერძოდ, "ლიონში" დაიწყო.
„ვილიარეალი“ 58 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 6 აპრილს, „ჟირონას“ სტუმრად შეხვდება, ხოლო მანამდე სანაკრებო პაუზაა, მიქაუტაძეც საქართველოს ნაკრებში ისრაელისა და ლიეტუვის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრებში ითამაშებს.





