„ვილიარეალის“ თავდამსხმელმა ჟერარ მორენომ „სოსიედადთან“ მატჩის (3:1) შემდეგ გიორგი მიქაუტაძის გოლზე ისაუბრა.
ქართველმა მას შემდეგ გაიტანა, რაც მორენომ მეკარეს პირისპირ ვერ აჯობა. სწორედ ამ ეპიზოდზე ილაპარაკა გამოცდილმა ესპანელმა შემტევმა.
„კარგად ვერ დავასრულე. დავინახე, როგორ მაჩერებდა რემირო და ვცადე გატანა, მაგრამ საბედნიეროდ, მიქა იდეალურად მიჰყვა თამაშს და შეძლო გოლის გატანა. ჩვენმა კარგმა პირველმა ტაიმმა მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვების საშუალება მოგვცა. ყველანი კონცენტრირებულები ვართ და ეს არის მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა მორენომ.
გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი (მათ შორის 6 მიმდინარე წელს) და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 34 შეხვედრაში 11 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. გარდა, ამისა, 1 გოლი ლიგა 1-შიც გაიტანა, რადგან სეზონი საფრანგეთის ჩემპიონატში, კერძოდ, "ლიონში" დაიწყო.
„ვილიარეალი“ 58 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 6 აპრილს, „ჟირონას“ სტუმრად შეხვდება, ხოლო მანამდე სანაკრებო პაუზაა, მიქაუტაძეც საქართველოს ნაკრებში ისრაელისა და ლიეტუვის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრებში ითამაშებს.





