ავსტრიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში გრაცის „შტურმმა“ „ზალცბურგს“ უმასპინძლა და გუნდები დაზავდნენ - 1:1. პირველივე ტაიმში მათ გოლები გაცვალეს და შემდეგ ანგარიში არ შეცვლილა.
ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. ეს იყო ავსტრიის ჩემპიონატში მისთვის მე-200 თამაში. ძირითადში იყო გიზო მამაგეიშვილიც, რომელიც 70-ე წუთზე შეცვალეს. გიზოს კარგი თამაში ჰქონდა, ორჯერ შეეძლო გატანა: პირველ ტაიმში ჯარიმა შეასრულა კარგად, მაგრამ მეკარემ მოიგერია დარტყმა, ხოლო მეორე ტაიმში ძალიან მცირედით ააცილა ბურთი კარს.
მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა Sky Sport Austria-ს უთხრეს, რომ ერთად ძირითად შემადგენლობაში თამაში ოცნების ახდენას ჰგავდა. ისინი ახლა საქართველოს ნაკრებს შეუერთდებიან შეკრებაზე, სადაც მამაგეიშვილი პირველადაა გამოძახებული.
შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი და სამჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო კონკრეტულად ავსტრიის ჩემპიონატში 21 შეხვედრაში 12 გოლით და 3 საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა და ბომბარდირებში ლიდერია, უახლოეს მდევარს 2 გოლით უსწრებს. გიზო მამაგეიშვილს ბუნდესლიგაში 5 მატჩი აქვს ჩატარებული და ერთხელ პენალტი მოიპოვა.
„შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევრებს 4 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 5 აპრილს, „რაპიდს“ ესტუმრება.







