ფეხბურთი

13:53 | 21.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

წიტაიშვილი: "რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ არ დავნებდებით"

„მეცის“ ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში „რენთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რთულ სიტუაციაში არიან, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია და არ დანებდებიან.

„ტულუზთან“ წაგება ძალიან რთული იყო. ამ მატჩიდან რაღაცას ვიმსახურებდით, შესაძლოა არა სამ ქულას ჩვენი ძალიან ცუდი სტარტის გამო, მაგრამ სულ მცირე ერთ ქულას მაინც. ნამდვილად რთულია ორჯერ დაბრუნება თამაშში და შემდეგ ბოლო წუთზე გოლის გაშვება. მაგრამ ჩვენ კარგი რაღაცები ვაჩვენეთ, ვაჩვენეთ, რომ ყოველთვის ვიბრძვით. არ ვნებდებით და ამის ჩვენებას გავაგრძელებთ.

შეტევაში კარგი რაღაცეები ვაჩვენეთ. ბევრი მომენტი შევქმენით, რაც კარგი იყო. თუმცა, როგორც გუნდი, უფრო მეტად დაცვაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები. ამაზე ერთმანეთში, შტაბთან ერთად ვისაუბრეთ და ვეცდებით, ყველაფერი შევცვალოთ.

დასაკარგი აღარაფერი გვაქვს! ყველა მატჩში ყველაფერს ვაკეთებთ, ყველას სურს გუნდის ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნება და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გულშემატკივრებს კარგი ემოციები ვაჩუქოთ. გვსურს სიტუაციის შეცვლა.

რა თქმა უნდა, ისევ გვჯერა ლიგაში დარჩენის! ყოველთვის ამის იმედი გვაქვს და ყველამ იცის, რომ ფეხბურთი არაპროგნოზირებადია. ზოგჯერ გასაკვირი რაღაცები ხდება. ამის იმედი გვაქვს, ამის გვჯერა. გვჯერა საკუთარი თავის, ფეხბურთელების და პერსონალის. ავიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ყველაფერი შევცვალოთ.

მატჩის მოგებით უნდა დავიწყოთ. შემდეგ თავდაჯერებულობა დაბრუნდება, რაც ამ მიმართულებით გაგრძელებაში დაგვეხმარება. დიდი ხანია, რაც არ გაგვიმარჯვია და ეს რთულია. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. პლეი-ოფის ადგილი არც ისე შორსაა, მხოლოდ ექვსი ქულა. ყველაფერი ჯერ კიდევ შესაძლებელია.

ეს ფეხბურთია. როდესაც აქ ჩამოვედი, ჩემი მიზანი იყო გუნდს ლიგაში დარჩენაში დავხმარებოდი. სიტუაცია ადვილი არ არის, მაგრამ მაინც შესაძლებელია.

„რენი“ კარგი გუნდია, მაგრამ უკვე ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში. ვფიქრობ, რომ უკეთესად ვთამაშობთ დიდი გუნდების წინააღმდეგ. იქ გამარჯვებისთვის მივდივართ და არა მხოლოდ ფეხბურთის სათამაშოდ. სულ უფრო და უფრო უკეთ გვესმის, რა სურს მწვრთნელს და იმედი მაქვს, რომ დაცვაში უფრო კონცენტრირებულები ვიქნებით, რომ ნაკლები გოლი გავუშვათ და მეტი გავიტანოთ, რათა მატჩი მოვიგოთ.

ჩემი ძირითადი პოზიცია მარჯვენა ფლანგზეა, სადაც ინდივიდუალურად ყველაზე მეტად შემიძლია გამოვავლინო თავი. თუმცა, გუნდში ყველაზე მეტი წვლილის შეტანა მარცხენა ფლანგიდან შემიძლია. ყველა პოზიციაზე უკვე მითამაშია, ამიტომ პრობლემა არ არის“, - თქვა წიტაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 26 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი და 2-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

„მეცს“ ლიგა 1-ში 14-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, რომლის განმავლობაში მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა. შედეგად, 13 ქულით ბოლო ადგილზეა, ძალიან გაუჭირდება ლიგა 1-ში დარჩენა, მომდევნო ტურში 22 მარტს, „რენს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.058345