NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ „დენვერ ნაგეტსს“ ესტუმრა, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში, 115:121 დამარცხდა.
„რეპტორსი“ იგებდა, მაგრამ ბოლო პერიოდი 15 ქულით დათმო, რაც გადამწყვეტი გამოდგა და მარცხი განიცადა.
მამუკელაშვილმა 14 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. სანდრომ შეტევაში უშეცდომოდ ისროლა: 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე დენვერელი ჯამალ მიურეი იყო 31 ქულით, ხოლო „ტორონტოს“ იაკობ პოეტლმა ულიდერა 23 ქულით და 11 მოხსნით.
„ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 39 მოგებით და 30 წაგებით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 23 მარტს, „ფინიქს სანსთან“ ჩაატარებს.







