თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს.
დღეს ტატამიზე 16 ქართველი გავიდა, მაგრამ 14 მათგანი ფინალურ ბლოკს მიღმა დარჩა.
ბრინჯაოსთვის იჭიდავებს გიორგი ლოლაძე (73 კგ), რომელმაც ბაჰამელი ენდრიუ მუნინგესი, ბრიტანელი ბენჟამინ ლევი, ისრაელის წარმომადგენელი იეონატან ელბაზი და აზერბაიჯანელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა. ნახევარფინალში მან ფინელ ლავტერი ოლინთან მარცხი განიცადა, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის თურქ მუჰამედ დემირელს დაუპირისპირდება.
დიმიტრი გოჩილაიძეც (81 კგ), ნახევარფინალამდე მივიდა ფინელი ეუტუ იჰანამაკის, უკრაინელი ვლადისლავ კოლობოვისა და გერმანელი ტიმო კაველიუსის ძლევით, ნახევარფინალში თურქ ვედათ ალბაირაქთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ბელგიელ მატიას კასეს შეხვდება.
მედლის გარეშე დაასრულეს ასპარეზობა გიორგი ჩიხელიძემ, ბაგრატ ნინიაშვილმა, გიორგი ტერაშვილმა (ყველა 73 კგ), ზაურ დვალაშვილმა, კოტე კაპანაძემ, ირაკლი ბეროშვილმა (ყველა 81 კგ), მარიამ ნათელაურმა, მაია ბიძინაშვილმა, ნინო წიკლაურმა, მარი მახარაშვილმა (ყველა 63 კგ), მარიამ ჭანტურიამ, ლიზი ქვარცხავამ, ნინო გულბანმა და ქეთევან ბერიძემ (ყველა 70 კგ).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მონაგარი თბილისის გრანდ სლემზე ჯერჯერობით ერთადერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც თორნიკე გიგაურის (66 კგ) აქტივშია.







