მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ პლეი-ოფში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ასპარეზობას გამოეთიშა.
ტიტე კალანდაძის გუნდმა ისრაელის ნაკრებს მეორე თამაში მოუგო, მაგრამ იმ სხვაობით ვერ, რომელიც აწყობდა და ორი მატჩის ჯამში მარცხი განიცადა.
ჯერ ვთქვათ, რომ ორი დღის წინ, პირველ შეხვედრაში საქართველო ისრაელთან 29:32 დამარცხდა, სამბურთიანი სხვაობით, დღეს კი 30:28 მოიგო, ორბურთიანი სხვაობით, შესაბამისად, ეს საკმარისი არ გამოდგა.
საქართველომ პირველი ტაიმი დათმო (12:13), თუმცა, მეორე ნახევარში გაცილებით უკეთ ათამაშა და ახლოს იყო დამატებით დროსთან, რადგან ბოლო წუთზე 30:27-ს იგებდა, მაგრამ ისრაელელმა ხელბურთელებმა ბოლო შეტევა გოლით დაასრულეს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს, სადაც ესპანეთს შეხვდებიან.
საქართველო კი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. მოგეხსენებათ, ტიტე კალანდაძის გუნდმა 2024 და 2026 წლებში ზედიზედ ორჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე, მსოფლიოს ჩემპიონატი ჯერ მიუღწეველი მიზანია.
დღევანდელ შეხვედრაში 8 გოლით საუკეთესო გიორგი ცხოვრებაძე იყო, 7 გოლი ნიკოლოზ კალანდაძის აქტივშია, 5 ირაკლი კბილაშვილის, 4 გიორგი ლაფიაშვილის, 3 მირიან გავაშელიშვილის, 2 ხაზეინ რუსტამოვის და 1 ლევან იმნაძის.
ისრაელი - საქართველო 28:30 (13:12) - ორი მატჩის ჯამში: 60:59
საქართველო: კბილაშვილი (5 გოლი), კალანდაძე (7), ლაფიაშვილი (4), ცხოვრებაძე (8), რუსტამოვი (2), ხელისუფალი, ხარებაშვილი, არეშიძე, გრიშიკაშვილი, ლანჩავა, გავაშელიშვილი (3), იმნაძე (1), ბუიღლიშვილი, მამულაშვილი, ცინცაძე.







