ფეხბურთი

18:21 | 21.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილის დუბლი II ბუნდესლიგაში "კაიზერსლაუტერნთან"

„ნიურნბერგის“ მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა გერმანიის II ბუნდესლიგის 27-ე ტურში „კაიზერსლაუტერნთან“ ორი გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს, მეტოქის კარი პირველად მეორე წუთზე თავური დარტყმით დალაშქრა, რითაც ანგარიში გახსნა, ხოლო 83-ე წუთზე უკვე მარცხენა ფეხით დაარტყა ზუსტად და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0. ორივე შემთხვევაში ლუკა მეტოქის საჯარიმოში კუთხურის დროს იყო ჩასული.

ლოჩოშვილს II ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 26 შეხვედრაში უკვე 4 გოლი აქვს გატანილი. მას საუკეთესო შეფასება ჰქონდა „კაიზერის“ წინააღმდეგ და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

„ნიურნბერგი“ 27 ტურის შემდეგ 36 ქულით მეცხრე საფეხურზეა, ხოლო მომდევნო ტურში 5 აპრილს, „ბრაუნშვაიგს“ ესტუმრება. მანამდე ლოჩოშვილი საქართველოს ნაკრებში ისრაელისა და ლიეტუვას წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩებში მიიღებს მონაწილეობას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.160386