ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში გიორგი მამარდაშვილმა ითამაშა, მაგრამ „ლივერპული“ „ბრაიტონთან“ მარცხისგან ვერ იხსნა. „თოლიებმა“ „წითლებს“ 2:1 მოუგეს.
„ბრაიტონი“ მე-14 წუთზე დანი ველბეკმა დააწინაურა, რომელმაც ახლო მანძილიდან გაიტანა. საგოლე შეტევა იმ აუტს მოჰყვა, რომელიც მამარდაშვილის მხრიდან იბრაჰიმა კონატეზე პასის შემდეგ დაინიშნა, რადგან ფრანგმა მცველმა ქართველი მეკარის გადაცემა ვერ დაიმორჩილა.
არნე სლოტის გუნდმა 30-ე წუთზე მილოშ კერკეზის გოლით მოახერხა გათანაბრება, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა ისევ გაუშვეს. ამჯერადაც, ველბეკმა გაიტანა, ისევ ახლო მანძილიდან, გიორგის ბრალეულობა ამ გოლში არ არსებობს.
მეტიც, ქართველმა მეკარემ რამდენმერჯე იხსნა თავისი გუნდი გოლისგან, ერთხელ მეტოქეს პირისპირ აჯობა, ერთხელ ეფექტურ ნახტომში მოიგერია დარტყმა. საბოლოოდ, მან თამაში 5 სეივით დაასრულა.
გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 13 მატჩი აქვს ჩატარებული: პრემიერლიგაში - 6, ჩემპიონთა ლიგაზე - 5, ასოციაციის თასზე და ინგლისის ლიგის თასზე - 1-1.
„ლივერპულს“ პრემიერლიგაში სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (1 ფრე, 2 წაგება), რის შედეგადაც 49 ქულით მეხუთე საფეხურზეა. არნე სლოტის გუნდს პრემიერლიგის ამ სეზონში უკვე 10 წაგება აქვს (7 ფრეც), რაც ძალიან ბევრია, მაგრამ მაინც ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ტრიალებს, რადგან სხვა გუნდებიც ძალიან არასტაბილურები არიან.
"ლივერპული" მომდევნო ტურში 11 აპრილს, „ფულემს“ ესტუმრება, იქამდე კი, 8 აპრილს, ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს შეხვდება. თუ მანამდე ალისონი ვერ გამოჯანმრთელდება, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილის დაპირისპირებას ვიხილავთ. გარდა ამისა, 4 აპრილს, ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში "მანჩესტერ სიტის" შეხვდება.
„ბრაიტონი“ კი 43 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში „ბარნლის“ ესტუმრება.





