ფეხბურთი

19:40 | 21.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბრიტანული მედია მამარდაშვილის თამაშზე: "დაცვასთან შეთამაშება გასაუმჯობესებელი აქვს"
"სწორედ ამიტომ გადაიხადა "ლივერპულში" საკმაოდ დიდი თანხა, რომ საიმედო მეორე მეკარე ჰყოლოდა"

„ლივერპული“ პრემიერლიგის 31-ე ტურში „ბრაიტონთან“ 1:2 დამარცხდა, გიორგი მამარდაშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა და 5 მოგერიება მიითვალა.

ქართველ მეკარეს არ ჰქონია ცუდი თამაში, გუნდი იხსნა რამდენიმე სიტუაციაში, მაგრამ პირველი გოლის შეტევამდე ბურთი დაკარგა, რის გამოც მედიისგან საუკეთესო შეფასებები ვერ მიიღო.

This is anfield 7 ქულა: „თამაშის დასაწყისში რამდენიმე შეცდომა ჰქონდა, ერთ-ერთი ველბეკის გოლით დაგვირგვინდა. მეორე ტაიმში უფრო კარგად ითამაშა, რამდენიმე შესანიშნავი სეივით, რამაც „ბრაიტონს“ ხელი შეუშალა“.

Liverpool.com: „ალისონი ტრავმირებულია და სწორედ ამიტომ გადაიხადა „ლივერპულმა“ საკმაოდ დიდი თანხა გიორგი მამარდაშვილში საიმედო მეორე მეკარე რომ ჰყოლოდა. მამარდაშვილმა პრემიერლიგაში მეექვსე თამაში ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კარგი მოგერიება ჰქონდა, ფეხით თამაშში მისი შეზღუდვები გამოიკვეთა. ველბეკის პირველ გოლამდე, მან ბურთი აუტზე გადააგდო და ზოგჯერ ცოტა ნერვიულობდა. დაცვასთან მის ურთიერთობას გაუმჯობესება სჭირდება, მაგრამ ეს მხოლოდ სათამაშო პრაქტიკით შეიძლება. უფრო გადამწყევტი შეიძლებოდა ყოფილიყო“.

Goal 6 ქულა: „ველბეკის პირველ გოლამდე ბურთი დაკარგა. მეორე გოლის მომენტში მცველებმა მარტო დატოვეს. რამდენიმე კარგი სეივი, მაგრამ ბურთთან ასე მოპყრობა, გუნდს ძვირად დაუჯდება“.

Liverpool Echo 6 ქულა: „კონატეზე გაკეთებული პასი აუტში აღმოჩნდა, საიდანაც საბოლოოდ „ბრაიტონმა“ გოლი გაიტანა. თუმცა, ერთგვარი საგოლე პასით, „ლივერპულმა“ ანგარიში გაათანაბრა და მეორე ტაიმში სამი კარგი სეივი მიითვალა“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 13 მატჩი აქვს ჩატარებული: პრემიერლიგაში - 6, ჩემპიონთა ლიგაზე - 5, ასოციაციის თასზე და ინგლისის ლიგის თასზე - 1-1.

„ლივერპულს“ პრემიერლიგაში სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (1 ფრე, 2 წაგება), რის შედეგადაც 49 ქულით მეხუთე საფეხურზეა. არნე სლოტის გუნდს პრემიერლიგის ამ სეზონში უკვე 10 წაგება აქვს (7 ფრეც), რაც ძალიან ბევრია, მაგრამ მაინც ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ტრიალებს, რადგან სხვა გუნდებიც ძალიან არასტაბილურები არიან.

"ლივერპული" მომდევნო ტურში 11 აპრილს, „ფულემს“ ესტუმრება, იქამდე კი, 8 აპრილს, ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს შეხვდება. თუ მანამდე ალისონი ვერ გამოჯანმრთელდება, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილის დაპირისპირებას ვიხილავთ. გარდა ამისა, 4 აპრილს, ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში "მანჩესტერ სიტის" შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.060766