ფეხბურთი

2:10 | 22.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას პსჟ-მ ლიგა 1-ში "ნიცა" გაანადგურა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 27-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ „ნიცას“ ესტუმრა, რომელიც 4:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში შედეგიანი მოქმედების გარეშე დაასრულა, მაგრამ გოლთან რამდენჯერმე ახლოს იყო. განსაკუთრებით, პირველი ტაიმის მიწურულს, როცა თავით ლამის ცარიელ კარში ურტყამდა, მაგრამ მცველმა როგორღაც მოახერხა თავისი გუნდის გადარჩენა. ორ წუთში პსჟ-მ პენალტის უფლება მოიპოვა, რომელიც ნუნუ მენდეშმა დაარტყა და ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმის სტარტზე დეზირე დუემ სხვაობა გააორმაგა, საგოლე კომბინაციაში კვარაც მონაწილეობდა. ქართველმაც გაიტანა, მაგრამ უსმან დემბელეზე თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი გაუქმდა, ხოლო 76-ე წუთზე ხვიჩა შეცვალეს.

მატჩის მიწურულს პარიზელებმა კიდევ ორჯერ გაიტანეს - დრო ფერნანდესმა და უორენ ზაირ-ემერიმ და 4:0.

ხვიჩა კვარაცხელიას საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 22 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირზე 36 შეხვედრაში 12 გოლი და 7-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ს 60 ქულით ლიდერობს და ერთი ქულით უსწრებს „ლანსს“, მაგრამ თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული. ლუის ენრიკეს გუნდი სანაკრებო პაუზის შემდეგ 3 აპრილს, „ტულუზს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08661